ყველამ ვუთხარით და ვურჩიეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მთავარი არის, ხელისუფლება, კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარე წავიდეს ახლა. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ეს ახლა ვერ ხერხდება, მათ შორის ტექნიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ოპოზიცია ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში თავისი ინიციატივით რაღაცას მოიფიქრებს და წავა, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ უკრაინაში ჩასვლაზე საუბრისას განაცხადა. „გირჩის“ ლიდერის თქმით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ცალკე ჩასვლაზე იმუშავებს.
„ტექნიკურად რთულია ზოგადად რაღაცის გაკეთება. შევთავაზეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა ჩაიაროს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა; ოპოზიცია და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ანუ პოლიტიკური პარტიები, სამძიმრის სათქმელად ცალკე წავიდოდით“, - განაცხადა ხვიჩიამ.
შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტისთის მზადყოფნა გამოთქვა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთანაც მიმდინარეობდა, თუმცა მხარეები დელეგაციის შემადგენლობაზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ სავარაუდოდ, საქართველოდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება.