„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმდენად მკაფიოა, რომ ის არ ტოვებს სივრცეს რაიმე მანიპულაციებისა და მცდარი ინტერპრეტაციებისთვის. ამიტომ, ნურავინ ეცდება, რომ ფაქტების შელამაზების ან მთელი სიმართლის ართქმის გზით, დამახინჯებულად წარმოაჩინოს ანგარიშის არცთუ უმნიშვნელო დეტალები“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტში მიმოხილული და დაფასებულია ის წარმატებები, რომლებიც საქართველოს გასული წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით ჰქონდა.
„მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, ეხილათ საქართველო, მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია. ანგარიში უპირატესად შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან, მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის ვარაუდზე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.