მამუკა მდინარაძე: ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის ძალიან ცუდი და ბინძური სპეკულაციები, რასაც საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მოსახლეობის ერთმანეთისგან გამიჯვნა ჰქვია

მამუკა მდინარაძე: ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის ძალიან ცუდი და ბინძური სპეკულაციები, რასაც საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მოსახლეობის ერთმანეთისგან გამიჯვნა ჰქვია

ჩვენ მზად ვართ ოპონენტებთან ერთად დელეგაციაში ვიყოთ, წავიდეთ და საერთო მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარ უკრაინელი ხალხის მიმართ და აბსოლუტურად გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადოთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის ძალიან ცუდი და ბინძური სპეკულაციები, რასაც ჰქვია საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მოსახლეობის ერთმანეთისგან გამიჯვნა, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, შალვა პაპუაშვილის კიევში ვიზიტი იმაზე იქნება დამოკიდებული, გადახედავს თუ არა უკრაინული მხარე გარკვეულ პოზიციებს.

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, რომ თითქოს აქ რაღაც შავი ხვრელები და კონტრაბანდაა და თითოეულმა მოქალაქემ ამით შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ამასთან დაკავშირებით პოზიციის ცვლილება უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ამ მდგომარეობაში უნდა დავრჩეთ და მაინც შედგეს ასეთი ვიზიტი? ჩვენ ვიცით, რომ იმ ხალხის, იმ პარტიის, რომელსაც სავსებით მართებულად „ომის პარტიას“ რომ ვეძახით, ლიდერები არიან მაღალ თანამდებობაზე. ეს არის თუ არა პრობლემები? ასევე, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა არის ჩვენ მიმართ დიპლომატიური დემარშის პირობებში. თუ ამ პოზიციასაც არ გადახედეს, მინიმუმ სერიოზულ უხერხულობას ქმნის. ელჩის საკითხთან დაკავშირებითაც პოზიციის გარკვეული ცვლილება მე მგონი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე იქნება დამოკიდებული იქნება თუ არა დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ჩასვლას კვირის ბოლოს გეგმავს. მის შემადგენლობაში მმართველი პარტიიდან მოხვდნენ: არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია, ოპოზიციური პარტიები კი დელეგაციაში თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილები.