„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს. მისივე თქმით, განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტის საკითხიც, რაც გარკვეულ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.
„ვიზიტით, რომელიც შედგება, ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მიმართ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვენთვის ეს ვიზიტი განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს. შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. ჩვენ ვთქვით, რომ განიხილება შალვა პაპუაშვილის ვიზიტის საკითხიც, რაც გარკვეულ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია შალვა პაპუაშვილზე. არის გარკვეული საკითხები, რაც ქმნის უხერხულობას ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამაზე თუნდაც მინიშნებების მოსმენა. დაველოდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს კობახიძე.