ხელისუფლება მზადაა, დათქმულ ვადებში, ევროკავშირის მიერ მიწოდებულ კითხვარზე ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია შეადგინოს და ის დროულად დაუბრუნოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ეს არის მართლაც ისტორიული ეტაპია და იგი თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადის.
„კითხვარის გადმოცემა მიუთითებს, რომ იხსნება ნამდვილად ახალი შესაძლებლობა, ახალი პროცესი საქართველოსთვის. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებასა და მხარდამჭერებს, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნების კამპანიის დროს ამბობდა, რომ 2024 წლისთვის ჩვენ ვაპირებდით კანდიდატის სტატუსზე განაცხადის გაკეთებას.
არაერთი ადამიანი, რომელიც დღეს მოგვიწოდებს, რომ კითხვები კარგად და დროულად შევავსოთ; ჩავრთოთ კითხვების შევსების პროცესში და ასე შემდეგ, გახსოვთ, როგორ ცინიკურად გვაკრიტიკებდა. ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოსთვის აღნიშნული ჯერ ადრეა; რომ ევროკავშირს ჯერ არ აქვს ინტერესი, ჩვენი კანდიდატობის სტატუსი განიხილოს; ეს არის არაადეკვატური და ასე შემდეგ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ არათუ 2024 წელს, არამედ ხელისუფლებამ ეს განაცხადი 2022 წელს წარადგინა. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დაჩქარდა, თუმცა მათ კანდიდატობის სტატუსის მოპოვების შესახებ სურვილი ჯერ კიდევ 2020 წელს გააცხადეს.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.