ლევან იოსელიანი: საქართველოს და უკრაინას არაფრის სჭირთ ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს ჩვენ შორის ურთიერთობის გამოსწორება

ლევან იოსელიანი: საქართველოს და უკრაინას არაფრის სჭირთ ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს ჩვენ შორის ურთიერთობის გამოსწორება

მთელი მსოფლიო არის უკრაინის გვერდით და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ყველაფრის ავანგარდში, იმიტომ რომ ჩვენ ეს ისტორიულად გვეკუთვნის . ამას ალტერნატივა არ აქვს. ამომრჩეველი უბრალოდ არ გვაპატიებს რომ უკრაინასთან მიმართებაში სხვა პოზიცია დავიჭიროთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „მოქალაქეების“ ლიდერი ვარაუდობს, რომ დელეგაციის ვიზიტი თბილისსა და კიევს შორის არსებული უხერხულობის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

„ბუნებრივად ასე მოხდება, ვინაიდან როდესაც „ქართული ოცნებიდან“ საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება დელეგაცია წარმოდგენილი - ვიცე-სპიკერები იქნებიან, შესაბამისად, შეხვედრა შედგება, დიალოგი გაიმართება. საბოლოო ჯამში, პრობლემა არის, როცა ადამიანები განცხადებების დონეზე ლაპარაკობენ. როცა უშუალოდ ხდება ეს ყველაფერ, იქიდან იწყება ურთიერთობების გამოსწორება. საქართველოს და უკრაინას არაფრის სჭირთ ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს ჩვენ შორის ურთიერთობის გამოსწორება“, - განაცხადა იოსელიანმა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც ჩავა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, მმართველი პარტიიდან იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია. ოპოზიციიდან დელეგაციაში იქნებიან: ლევან იოსელიანი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე და ყველა საპარლამენტო პარტიიდან ერთი წარმომადგენელი.