თუ მხოლოდ სანქციების მეექვსე პაკეტისთვის დაიწყეს ნავთობის სერიოზული განხილვა, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ვერ იაზრებს რა ომისთვის ემზადება რუსეთი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია რუსულ გაზთან მიმართებით, მაშინ არ შეიძლება იყოს რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში არსებობს საერთო სულისკვეთება რათა შეჩერდეს რუსული სამხედრო დანაშაულები.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპული კომპანიები ჯერ ისევ აგრძელებენ მუშაობას რუსეთის ფედერაციაში და ამგვარად აფინანსებენ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
„ასეულობით ევროპულმა ბანკმა და კომპანიამ არა მხოლოდ უარი არ თქვა რუსულ ბაზარზე მუშაობაზე, არამედ ისინი ასევე უგულებელყოფენ მოწოდებას შეწყვიტონ თავიანთი გადასახადებიდან და საკუთარი აქციზებიდან რუსეთის ფედერაციის ომის მანქანის დაფინანსება.
არ შეიძლება ველოდოთ კიდევ მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეოცე პაკეტის შემუშავებას რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი გადაწყვეტილებების მისაღებად. უკვე ახლა უნდა გაკეთდეს ყველაფერი აუცილებელი. მეექვსე სასანქციო პაკეტში ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება და აუცილებლად უნდა ჩართოს იქ ნავთობის ფაქტორი, აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები რუსულ ბანკებს, ყველას და არა ნაწილს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ვადები ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის, რათა სრულად ითქვას უარი ან არსებითად შეიზღუდოს რუსულ გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა.