უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალზე“ გამოიყენეს და მოწამვლის ნიშნები სამ ადამიანს აქვს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალზე“ გამოიყენეს და მოწამვლის ნიშნები სამ ადამიანს აქვს

რუსმა დამპყრობლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს "აზოვსტალის" ქარხანის თავზე, რომელიც "აზოვის რაზმის" უკრაინელი დამცველების ხელშია. ამის შესახებ უკრაინული მედია "აზოვის" ყოფილ მეთაურ ანდრეი ბელეცკის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით წერს.

"რუსებმა ქიმიური იარაღით შეუტიეს მარიუპოლს, აზოვსტალის ქარხანას. თუ დარტყმის პრაქტიკულ მხარეზე ვისაუბრებთ, ეს არ არის კარგი. სამ ადამიანს აქვს საბრძოლო ქიმიკატებით მოწამვლის აშკარა ნიშნები, მაგრამ კატასტროფული შედეგების გარეშე ...

მარიუპოლზე ქიმიური თავდასხმა მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და ვერ ამარცხებენ უკრაინის დამცველებს. მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა აკრძალული იარაღის განურჩევლად გამოყენებისა“, - აღნიშნა ბელეცკიმ მიმართვისას.

მისი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, მანამდე "აზოვის" ბატალიონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს. უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ადგილზე "ზარინი" გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღია.