რაც შეეხება გვარამიას და თქვენი ტელევიზიის მიერ მორიგ ბინძურ ტყუილს, სიუჟეტს ამზადებს ჟურნალისტი, სიბინძურეს აბრალებს ისკო დასენის შვილს და მისი სახელიც კი არ აქვს გარკვეული, სხვა სახელს ამბობს, აქაც კი შეცდომას უშვებს - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ,,მთავარი არხის“ მიერ „ქოლცენტრების“ შესახებ დასმულ შეკითხვას.
მამუკა მდინარაძემ სიუჟეტს მოგონილი ბინძური ამბავი და დადგმული სპექტაკლი უწოდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გამჟღავნდება ისეთი დეტალები, რაც მათ არ მოეწონებათ.
,,წარმოიდგინეთ, როგორი მოგონილი ბინძური ამბავი და დადგმული სპექტაკლია თქვენთან ,,ნიუსრუმში’’. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაგირება კი არა, უკვე თვეებზე მეტია უცხოელ პარტნიორებთან ერთად მიდის მუშაობა და რამდენიმე ადამიანი დაკავებულიცაა. ეს არის პატარა ქვეყანა და დედაქალაქიც არ არის ძალიან დიდი. ,,ქოლცენტრები’’ არის თქვენი მთავარი დაფინანსების წყარო, თქვენ პარტიას გახსნილი ჰქონდა ,,ქოლცენტრი’’ და აქედან თქვენი ტელევიზიები ფინანსდებოდა. ეს ინფორმაცია სწორია თუ არა, მე მგონია, რომ მომავალში დადასტურდება იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამაში ჩართულები იყვნენ და ისინი რომ გააგრძელებენ მუშაობას ჩვენთან ერთად, ამით დადასტურდება ბევრი რამ და ძალიან არ მოგეწონებათ. ეს ჩემი აზრია და ეს ინფორმაცია როდესაც საბოლოოდ დადასტურდება, მერე უფრო მკაფიოდ ვილაპარაკებთ ამ თემაზე. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ თქვენი დამფინანსებლების ე.წ. ბიზნესი იყო. ახლა გაიხიკნენ ამ ქვეყნიდან, სადღაც გადამალეს ბიზნესები და მე უნდა გაგცეთ პასუხი ეს ბიზნესები რატომ იყო და რატომ დააკავეს ხალხი ამისათვის ‘’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.