ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა

საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. მასში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს მიუღია. მანამდე, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები 2000-დან 5 000-მდე კითხვაზე სცემდნენ პასუხს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე.

„ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ლოგიკური და ევროკავშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.