უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ როცა ადამიანს ეპატიჟები, დაპატიჟების წინ მომაკვდინებელი, უარგუმენტო ცოდვები არ უნდა დააბრალო - ჩვენ მეგობრობის ფასი კარგად გვესმის! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არა აქვთ და ადრე თუ გვიან ჩავლენ.
„ჩვენ არ გვესმის, როცა მეგობრობაზეა საუბარი, რატომ აბრალებ საკუთარ მეგობარს ყოვლად უსაფუძვლოდ ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ არსებობს და თავისი შინაარსით დამაზიანებელია არა მარტო მეგობრობისთვის, არამედ მთლიანად იმ პროცესისათვის, რისთვისაც ორი ქვეყანა იბრძვის. ალბათ, მეგობრობის წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებს უკრაინულ მხარეს.
რაც შეეხება უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, არც ერთი საერთაშორისო ფორუმი არ დარჩა, სადაც საქართველო აქტიურად ჩართული და უკრაინის მხარდამჭერი არ არის. ალბათ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეშვან იმ რიტორიკას, რაც დამაზიანებელია და ხელს უშლის იმას, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს.
რაც შეეხება ჩასვლა-არ ჩასვლას, ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არ გაგვაჩნია. საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ როცა პროვოკაციული განცხადებებით გეხმაურებიან, ხანდახან შეურაცხმყოფელია ასეთი ფორმით ურთიერთობის დროს ჩასვლა, მითუმეტეს სახელმწიფო პირველი პირების. საქართველო უკრაინას ძალიან მყარ მხარდაჭერას უცხადებს. შიდა პოლიტიკური კინკლაობის მაგალითია - ჩამოხვალ თუ არ ჩამოხვალ, გეშინია - არ გეშინია. ასეთი სახის კინკლაობა ცოტა ამაზრზენ ხასიათს იძენს. ჩასვლის პრობლემა არავის აქვს. უბრალოდ, ადამიანს ადამიანურად უნდა მოეპყრო, როცა ეპატიჟები და დაპატიჟების წინ მომაკვდინებელი, უარგუმენტო ცოდვები არ უნდა დააბრალო. უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არც მე და არც სხვა წარმომადგენელს არ გვაქვს, ალბათ, ამასთან დაკავშირებით სხვა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ჩასვლა ადრე თუ გვიან მოხდება, მაგრამ უკრაინის მხარემ არსებული ფონი უნდა მოხსნას.
არ შეიძლება, სულ ნიშნის მოგებით გველაპარაკებოდნენ. იმის გამო, რომ აქ ომი არ მიმდინარეობს, ეს ვინმესთვის გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს არც შიდა და არც გარე წრისათვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.