ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს საპასუხო წერილს უგზავნის

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს საპასუხო წერილს უგზავნის

ერთგულნი ვრჩებით ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისადმი. ამ კონტექსტში, ძირითადი პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაში პროგრესის დემონსტრირებასა და პარტიებს შორის ფართო თანამშრომლობის გზით კანონის უზენაესობის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისადმი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრს“ გამოუგზავნა.

როგორც ჯოზეფ ბორელის მიერ ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასარგებლოდ.

„საქართველოს ოფიციალურ პირებს და პოლიტიკურ ლიდერებს. ძვირფასო ხელმომწერნო, გმადლობთ 2022 წლის 8 მარტის წერილისთვის.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მთხოვეს მეპასუხა თქვენს წერილზე. მსურს განმეორებით დავადასტურო, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ფონზე, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას და და მის მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში. ევროკავშირს ესმის ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი. ევროკავშირის საბჭომ მიიღო განაცხადი და სთხოვა ევროკომისიას წარმოედგინა თავისი მოსაზრება. ევროკავშირის ლიდერებმა მოიწონეს ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 11 მარტის ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ვერსალში. მანამდე, მსურს დაგარწმუნოთ, რომ ერთგულნი ვრჩებით ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისადმი. ამ კონტექსტში, ძირითადი პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაში პროგრესის დემონსტრირებასა და პარტიებს შორის ფართო თანამშრომლობის გზით კანონის უზენაესობის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ეს ასევე აუცილებელია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის და საკუთრივ საქართველოსთვის, რათა წინსვლა განაგრძოს ევროპული ამბიციების რეალიზაციაში. ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის წერილში.

შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრმა“ და „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა“ ჯოზეფ ბორელს 8 მარტს წერილით მიმართა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას ეხებოდა. წერილს ხელს აწერდნენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.