პაატა მანჯგალაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ რადას თავმჯდომარე გვიხსნის, რა არის ქართველობა, ვინ არის რუსთაველი, რას ნიშნავს მეგობრობა და გვერდში დგომა

პაატა მანჯგალაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ რადას თავმჯდომარე გვიხსნის, რა არის ქართველობა, ვინ არის რუსთაველი, რას ნიშნავს მეგობრობა და გვერდში დგომა

ძალიან სამწუხაროა, რომ რადას თავმჯდომარე გვიხსნის, რა არის ქართველობა, ვინ არის რუსთაველი, რას ნიშნავს მეგობრობა და გვერდში დგომა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" არგაღიზიანების პოლიტიკას აგრძელებს.

„რუსეთი გაღიზიანებულია იმითაც, რომ ქართული თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო არსებობს. რა თქმა უნდა, უნდა ჩავიდეთ ბუჩაში. "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთ- ერთი ინიციატორია ამის, ჩვენ შევეცდებით სტეფანჩუკთან დავამყაროთ კონტაქტი და იქ, სადაც უნდა ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარე, წარმოდგენილი იყოს ოპოზიციური ერთიანობა. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ჰკითხეთ, რას მოიცავს არგაღიზიანება, ენაზე, მამულზე და სარწმუნოებაზე უარის თქმას ხომ არა?" - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საჯაროდ მიმართა. „არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე,"- აცხადებს სტეფანჩუკი.

შეგახსენებთ, 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რომ მანაც მიიღო რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდეს უკრაინაში. პაპუაშვილის განმარტებით, "ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს."