ახალმა რუსმა გენერალმა სამოქალაქო პირებზე შესაძლოა შემდგომი თავდასხმები განახორციელოს.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთის ახალი გენერალი, რომელიც უკრაინაში ომს ხელმძღვანელობს, შემდგომ სასტიკ თავდასხმებს განახორციელებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ამ კონკრეტულ გენერალს აქვს რეზიუმე, რომელიც მოიცავს სისასტიკეს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ეს გენერალი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და სისასტიკის კიდევ ერთი ავტორი იქნება“, - აღნიშნა მან.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ახალი გენერლის დანიშვნა დიდი მნიშვნელობის მქონე არ იქნება რუსეთის წარმატების საერთო შანსებზე და დასძინა, რომ მოსკოვმა უკვე განიცადა "სტრატეგიული მარცხი".
„ვერცერთი გენერლის დანიშვნა ვერ წაშლის იმ ფაქტს, რომ რუსეთმა უკვე განიცადა სტრატეგიული მარცხი უკრაინაში. მათ ეგონათ, რომ შეძლებდნენ დედაქალაქის დაპყრობასა და სხვა დიდ ქალაქებს მცირე წინააღმდეგობით აღებას - რომ მათ ხელგაშლილი დახვდებოდნენ“, - განაცხადა სალივანმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ის, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა ისწავლა უკრაინაში ომის პირველ რამდენიმე კვირაში, არის ის, რომ უკრაინა არასოდეს დაემორჩილება რუსეთს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა.