ანდრია გვიდიანი უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე: ამ მასშტაბის ბრალდება ძალიან მძიმეა, ამას დასაბუთება და კონკრეტული არგუმენტაცია სჭირდება

ანდრია გვიდიანი უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე: ამ მასშტაბის ბრალდება ძალიან მძიმეა, ამას დასაბუთება და კონკრეტული არგუმენტაცია სჭირდება

ამ მასშტაბის ბრალდება, როგორიც არის სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარების ბრალდება - ძალიან მძიმეა, ამას დასაბუთება და კონკრეტული არგუმენტაცია სჭირდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა გვესმოდეს ტელეეკრანებიდან, - ასე ეხმაურება ექსპერტი, ანდრია გვიდიანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას.

როგორც მან „ქრონიკაში“ განაცხადა, ასეთი მასშტაბის ბრალდებები კონკრეტული ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე არ არსებობს და ექსპერტმა 2011 წელი გაიხსენა, როდესაც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი ირანისთვის სანქციების აღსრულების ნაწილზე პასუხისმგებელი იყო.

„2011 წელს, ამერიკას ჰქონდა ძალიან მკაფიო და მკვეთრი რეაქცია, მაშინ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი იყო ირანისთვის სანქციების აღსრულების ნაწილზე პასუხისმგებელი და შესაბამისად, 2011 წელს იმდროინდელი ბრალდებები თუ ფაქტების მოტანა ირანული სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით მოხდა ძალიან კონკრეტულად, კონკრეტული სახელებითა და გვარებით, კონკრეტული კომპანიებით, ერთ-ერთი ლიცენზირებული ქართული ბანკიც კი მონაწილეობდა ამ სანქციების თავის არიდებაში, რაც გამყარებული იყო კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით და არა ისე, როგორც ეს ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავიგეთ უკრაინის დაზვერვის მხრიდან.

ასეთი მასშტაბის ბრალდებები კონკრეტული ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე არ არსებობს. თან აქ საუბარია არა რაღაც საბანკო მანიპულაციებით სანქციებისგან თავის არიდების მცდელობაზე, არამედ საუბარი იყო სამხედრო ტვირთების გატარებაზე და მოგეხსენებათ, სამხედრო ტვირთები არ არის ნემსი და ძაფი, რომელიც შეიძლება საზღვარზე ისე შემოგეპაროს და გაგეპაროს, ვერ მიხვდე. ეს ხომ ალოგიკურია, როგორ შეიძლება გაგეპაროს სამხედრო ტვირთი ისე, რომ არ იცოდე“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.