ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდნენ, სადაც რუსეთის ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ. მათ თან ახლავთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი.

„ის, რაც აქ მოხდა, წარმოუდგენელია. ჩვენ ვიხილეთ პუტინის არმიის ცივი სახე, ჩვენ ვიხილეთ უგუნურება და ცივსისხლიანობა, რომლითაც მათ ოკუპირებული ჰქონდათ ეს ქალაქი. აქ, ბუჩაში ჩვენ ვნახეთ, როგორ მოკლეს ადამიანობა. ბუჩას მოსახლეობასთან ერთად, მთელი მსოფლიო გლოვობს. ისინი არიან ადამიანები, ვინც იცავენ ევროპის საზღვარს, ადამიანობას, დემოკრატიას და შესაბამისად, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროკავშირის ლიდერებს მოგვიანებით უკრაინის დედაქალაქ კიევში დაგეგმილი აქვთ მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.