ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტი:  საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, სასწრაფო მკურნალობის მისაღებად სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანისკენ

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტი: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, სასწრაფო მკურნალობის მისაღებად სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანისკენ

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზად სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი მკურნალობის აუცილებლობას ასახელებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში სასწრაფო მკურნალობის მისაღებად გადაყვანისკენ. ის ახლა საპატიმროში იმყოფება და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ხელისუფლების ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პოლიტიკური დეპოლარიზაციის პროცესში და შეაჩერებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებში.

ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ ძალები რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხესთან გასამკლავებლად, რადგან ერთიანობა აუცილებელია ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტს მის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მადლობა გადაუხადა.

„მინდა მალდობა ვუთხრა ლიეტუვის სეიმს განცხადებისთვის, რომელიც ევროპულ ქვეყანაში ჩემს დაუყოვნებლივ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს. ეს არის ლიეტუვის სეიმის განცხადება, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ისევე როგორც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლონელებს იმისთვის, რომ ყველაზე მაღალ დონეზე არაერთხელ დააყენეს საკითხი“, -განაცხადა სააკაშვილმა.