ქუთაისელმა ანასტასია ლელაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის 95%-იანი დაფინანსება მოიპოვა

ქუთაისელმა ანასტასია ლელაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის 95%-იანი დაფინანსება მოიპოვა

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე ანასტასია ლელაძე 95%-იანი დაფინანსებით ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანასტასია ლელაძის თქმით, ჰარვარდამდე გზა ადვილი არ იყო, მაგრამ შედეგმა რამდენიმეწლიანი თავდაუზოგავი შრომა გაამართლა.

„მე-9 კლასში ვიყავი, როცა დამრიგებელმა და მათემატიკის მასწავლებელმა, მურათ ულუირმაქმა, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად SAT-ის გამოცდისთვის მეცადინეობის დაწყება შემომთავაზა. იმ დღიდან ინტენსიურად ვმუშაობდი, აქტივობებს ვგეგმავდი და ვახორციელებდი. ბოლომდე ვიხარჯებოდი, რათა დასახული მიზნისთვის მიმეღწია. იყო სირთულეებიც, მაგრამ არ შემშინებია. მთავარი მოტივატორი მურათ მასწავლებელი იყო, რომელიც სულ მამხნევებდა და საკუთარი თავის რწმენას მიმყარებდა“, - ამბობს ანასტასია.

„ანასტასია თვლის, რომ ბოლო წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ახლა უკვე თამამად შეუძლია სხვა მოსწავლეებს დახმარება გაუწიოს, რაც მისთვის რთული მოსაძიებელი იყო და გადაულახავ ბარიერად მიიჩნევდა, მზად არის, სხვებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს. ამ მიზნით, ანასტასიამ მეგობრებთან ერთად კლუბი შექმნა, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებს მოტივაციას აუმაღლებს, მიზნის მიღწევაში დაეხმარება, რომ მსოფლიოს წარმატებულ უნივერსიტეტებში ჩააბარონ.

17 წლის ახალგაზრდა ამერიკის შეერთებული შტატებში აგვისტოში გაემგზავრება და ბაკალავრიატის საფეხურზე პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლის, რომლის დასრულების შემდეგ, რამდენიმეწლიან პრაქტიკას მიიღებს, სამშობლოში დაბრუნდება და საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის მებრძოლთა რიგებში ჩადგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.