რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი კიდევ ერთხელ საუბრობს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ და ამჯერად აცხადებს, რომ საქართველოდან ისეთი სახეობის კოღოების გადაადგილება შეინიშნება, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში იყო გავრცელებული.
ეს კოღოები კი ახლა რუსეთის ზოგიერთ არეალში ვრცელდება.
კირილოვის თქმით, განსაკუთრებით გაუარესებულია მდგომარეობა თბილისში, იქ, სადაც ლუგარის ლაბორატორია მდებარეობს.
"იმ ადგილას, სადაც ლუგარის ცენტრია, მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესებულია იმ დაავადებებთან დაკავშირებით, რომლებიც გადამტანი მწერებით ვრცელდება“, - ციტირებს კირილოვის სიტყვეებს რუსული სააგენტო RIA.ru.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგნელმა ასევე განაცხადა, რომ როსპოტრებნადზორის ცნობით, ტკიპების გავრცელებამ გამოიწვია ყირიმ-კონგოს ცხელების გავრცელება სტავროპოლის ტერიტორიაზე და როსტოვის რეგიონში.
მანვე აღნიშნა, რომ მწერების გავრცელების ასეთი დინამიკა რუსეთს იძულებულს ხდის, ყურადღება მიაქციოს ამერიკის სააგენტოს მიერ გაცემულ პატენტებს და სავაჭრო ნიშნებს ბიოლოგიური იარაღის მიწოდებაზე.
"პატენტის აღწერაში მითითებულია, რომ ამ მოწყობილობის დახმარებით მოწინააღმდეგე შეიძლება განადგურდეს ან გამოვიდეს წყობიდან ისე, რომ აშშ-ს სამხედროები რისკის ქვეშ არ აღმოჩდნენ. მსგავსი გამოგონებები არ ითვლება საერთაშორისოდ აკრძალულ ბიოლოგიურ, ან ტოქსიკურ იარაღად", - ამბობს კირილოვი. პატენტებში ის გულისხმობს უპილოტო საფრენ აპარატებს და თვლის, რომ მწერები მათი საშუალებით ვრცელდება.