მეტად იოლად წამოეგეთ პროვოკაციას

მეტად იოლად წამოეგეთ პროვოკაციას

ძვირფასო ჰომოფობებო, 17 მაისის მოვლენებმა ერთი ანეკდოტადქცეული გამონათქვამი მომაგონა: „სსრკ-ში სექსი არ არის“;

რუსთაველზე შეკრებილი მანიფესტანტების უმრავლესობა ამბობდა: „საქართველოში ჰომოსექსუალიზმი არ ყოფილა და არც იქნება“.

ჰომოფობებო, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუ არსებობს სექსი, არსებობს ჰომოსექსუალიზმიც (ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს პერვესია საკმაოდ რთული მოვლენაა) - არსებობს ყველანაირ სახელმწიფო წესწყობილებაში - ავტორიტარულშიც და დემოკრატიულშიც;   ყველა ქვეყანაში და,  რა თქმა უნდა,  საქართველოშიც. ოღონდ, ჩვენში ეს ვნება  საჯარო სივცეში გამოსვლას  უფრთხის.

მსურს გაგიზიაროთ შიდსის ცენტრის  სტატისტიკა, რომელიც თბილისში, ერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა: ემიგრაციიდან  დაბრუნებული  ჰომოსექსუალი მ.გ. „აივ“ ინფიცირებული აღმოჩნდა. ურთულესმა ანომიმურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მას სამ  თვეში,  ოთხმოცდაერთი  პარტნიორი ჰყავდა. მათგან ნახევარზე მეტი დაოჯახებული იყო. რაც მთავარია,   ცოლის და ზემოთნახსენები მამაკაცის გარდა,   დედაკაცი საყვარელიც ყავდა (!) 

ამ სტატისტიკაში კონკრეტული ჰომო და ბი-სექსუალების მოჭარბებულ ლიბიდოზე გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა რამეა. კერძოდ,  მწერალ აკა მორჩილაძის მოსწრებული სიტყვა რომ გამოვიყენო -  მეკურტუმეების სიმრავლე ჩვენში. წარმოიდგინეთ, ტრადიციული ქართველი მამაკაცი! ყავს ოჯახი;  შიგადაშიგ ნაშასაც ხვდება, ეკლესიაში დადის და, რაც ყველაზე საინტერესოა,  ჩუმად,  მამათა მიმართ ჟინსაც იკმაყოფილებს. როგორი  წარმოსადგენია ასეთი რამ ჩვენს მაღლზნრობრივ მართლმადიდებლურ სოციუმში?! მავანნი იტყვიან, რომ მტრები გვიგონებენ სახელის გასატეხად;  თუმცა,  ვერაფერს გავხდებით. სტატისტიკა ჯიუტია!

სხვათა შორის, რამდენადაც გავარკვიე, ისტორია არაფერს გვეუბნება საქართველოში მამათმავლების არსებობის შესახებ. პირველი გეი-სკანდალი მეფე თამარის რუს ქმარს უკავშირდება, რუსისგან გასაკვირი არ არის - ჰომოსექსუალიზმი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში პანდემიურ ხასიათს ატარებდა. როგორ ჩანს, გიორგი რუსს,  თბილისელი გეის მსგავსად, პარტნიორების პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ მატიანე მათ ვინაობაზე დუმს.   

მოგვიანებით, თბილისურ ნიადაგზე ირანული ჰომოსექსუალიზმი გაიფურჩქნა კინტოებისა და ყარაჩოხელების სუბკულტურების სახით. (ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სუბკულტურის არსებობა, უკვე პროპაგანდას ნიშნავს.) მაგრამ არავის მოსვლია თავში მათი დარბევა და ცემა-ტყეპა. ისინი მარგინალები იყვნენ.  ერთადერთი მოაზროვნე,  რომელიც ამ ინსტიტუტის გაუქმების აუცილებლობას მოითხოვდა, იაკობ გოგებაშვილი იყო.   პედაგოგიური მოსაზრებებით,  მათი  ცხოვრების წესის  აფიშირება (დღევანდელი ტერმინოლოგიით - გეი-პრპაგანდა) მას   ახალგაზრდა თაობებისთვის საზიანოდ მიაჩნდა, და სამართლიანადაც! პარადოქსია, თანამედროვე ქართულ პოპკულტურაში ყველაზე ძალუმად სწორედ კინტოების  გავლენა იგრძნობა:  ლხინის დროს თბილისელი მამათმავლების ცეკვა „სტანდარტად“ არის ქცეული. აღარაფერს ვამბობს ისეთ ჰიტზე, როგორიცაა „პატარა ბიჭი დამეკარგა“.

კულტუროლოგიურ ასპექტში ორგვარი  ჰომოსექსუალიზმი არსებობს: ფარული და ღია. ფარულის მაგალითია შარიათის კანონებით მართული ირანი, ან  საუდის არაბეთი - აქ მამათმავლებს სჯიან; მაგრამ კანონის ნორმა მხოლოდ უბრალო მოკვდავებს ეხებათ; ძალაუფლების მქონენი სურვილისამებრ ერთობიან ბიჭებში.

ღია ჰომოსექსუალიზმის მაგალითი  ანტიკური საბერძნეთია.

საქართველოში, 17 მაისამდე ტოლერანტობისა და გამოუხატავი აგრესიის გაუგებარი  „ფიუჟენი“ იყო.  მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები ამიერიდან. მაგრამ ფაქტია,  ნებისმიერი ბავშვი ლათინური სერიალების გეიპროპაგანდსტული ფრაზებით გაჯერებულ დიალოგებს უსმენს და ეს არავის აწუხებს: „ასუნსიონ, შენ განა არ იცოდი, რომ ჩემი ძმა პედერასტია?!“  - „რას ამბობ, სოლედად?! ნუთუ ხოსე-ანტონიო მასთან. წვება?... აჰ, არა!“ ანდა საყოველთაო შაყირის საგნად ქცეული სცენა ერთერთი სერიალიდან -  ქალი  დამწუხრებული სახით გაანდობს ცრემლმორეულ გოგონას: „მე შენი მამა ვარ, შვილო“ (ჩემი შვილი ამ სცენაზე ხარხარებს).

ჰომოფობებო, გაიხსენეთ, სრულიად საქართველოს გამაოგნებელი ინტერესი  პოპკულტურის ასპარეზზე პირველი ქართველი „შიმეილის“ - კესოდ გარდაქმნილი ბესოს გამოჩენასას.. უნდა ითქვას, მისმა სიკეკლუცემ ტრადისიის დამცველ მასკულინურ მამაკაცებსაც კი დააყრევინა ფარ-ხმალი: „ვაჰ, რა ნაშაა!“ -  აღმოხდათ მათ. სხვათა შორის, კესო  დაუფარავად იყო ე.წ. „სამოქალაქო ქორწინებაში“ ჰეტერო მამაკაცთან. უნდა ითქვას,  კესო  თუ ოდესმე მემუარების წერას ჩაუჯდება,  უამრავი მაღალი თაამდებობის პირის  ფარულ ვნებაც გამოვა სამზეოზე. ასე რომ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს ნაცმოძრაობის პორნოარქივის  არსებობა ქართველი პოლიტიკოსების, პარტიის მიერ დამწყალობებული კულტურის მოღვაწეებისა და   ჟურნალისტების მონაწილეობით - წინა ხელისუფლების დროს ჰომოსექსუალმურმა შანტაჟმა სისტემური სახე მიიღო.

დღეს, ჩვენს საჯარო სივრცეში, ისევე, როგროც 100 წლის წინ, მარგინალიზებული ჰომოსექსუალიზმია გამოსული: პროსტიტუტი მამათმავლები,  გამომწვევად ჩაცმული ში- მეილები ჰეტერო-მეძავების გვერდიგვერდ დაუფარავად დგანან სადგურის მოედანზე...

ავტორიტეტის მქონე სოდომისტთა  ვინაობა ყველასათვის ცნობილია, მაგრამ  საზოგადოებრივი შეთანხმება ასეთია: „ვიცით, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ“. ანდა: „იყავით თქვენთვის, თვალში ნუ გვეჩხირებით!“

პირველი ქართველი კაცი (არა ში-მეილი), ვინც დაუფარავად გაასაჯაროვა ორიენტაცია მომღერალი ჯაბა ბოჯგუა იყო. მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ღიად თქვა, მე „ასეთი ვარ!“. მეორე დღეს ღამის კლუბმა, სადაც ის, ფარშევანგის ბუმბულით შემკული,  მუცლის ცეკვას ასრულებდა, კონტრაქტი გაუწყვიტა. მოგვიანებით, ბოჯგუა ტელეეთერში ახალგაზრდა გოგონას გვერდით ვიხილეთ და შევიტყვეთ, რომ მომღერალი „ტრადიციული ქართველი მამაკაცია, გოგონა კი - მისი საცოლე“. წვრილმანი ფულადი მაქინაციების მიზეზით ციხეში მოხვედრილი ბოჯგუა სასტიკად სცემეს და, ფაქტიურად, მოკლეს - ის კომაშია. გასაოცარია, მაგრამ მის დასაცავად არცერთ უფლებისდამცველს არ ამოუღია ხმა. როგორც ჩანს,  გეი, თანაც კომაში, საამისოდ არ ღირდა!

დღეს, ლგბტ იდენტობის დამცველთა და ჰომოფობებს შორის ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ომია დაწყებული. ასეთი განუკითხაობა და  სიძულვილი საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების ავადსახსენებლი პრიოდის შემდეგ არ ყოფილა. არის საშიშროება ხანგრძლივად აღმოვჩნეთ დიალოგს მიღმა, ანუ გეტოში! ასეთ მდგომარეოაში არიან სირია, ირანი, ავღანეთი, ლიბანი...

ამ დაპირისპირებაში ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა: ჟინით ატანილ „ენჯეო“ სექტორს, პოლიტიკოსებს და, რა თქმა უნდა, ძალადობის წამქეზებელ სასულიერო პირებს. პოლიტიკოსებს, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან უნდა გაეთვალათ რაში გადაიზრდებოდა საბრძოლოდ დარაზმული ათასობით ადამიანის მობილიზება ძველი პარლამენტის წინ. ლგბტ უფლებისდამცველებს შეეძლოთ ფლეშმობის მაგივრად საკუთარ ოფისში მოეწყოთ  ღონისძიება და თოქ-შოუებში გაეხსნათ სადისკუსიო სივრცე, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ  ათი ათასი კაცის დანახვის შემდეგ, ღონისძიება ოფიციალურად უნდა გაეუქმებინათ და  რამდენიმე გოგო-ბიჭის პუშკინის სკვერში გამოშვებით, მათი სიცოცხლე  რისკის ქვეშ არ დაეყნებინათ (სასწაულის ტოლფასია, 17 მაისი მსხვერპლით რომ არ დასრულდა).

შეგვიძლია ვთქვათ, რომ 17 მაისს დიდი ლუსტრაცია მოხდა.

გაცხადდა,  რომ სეკულარულ საქართველოში სწორედ ეკლესიაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა.  სასულიერო იერარქიამ  აზრის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება სწორედ ამ ფაქტის სადემონსტრაციოდ გამოიყენა.  ყველამ დაინახა რელიგიური ელექტორატის  რიცხოვნება და შესაძლებლობები. ასპარეზზე გამოვიდნენ ნეონაცისტურ ფორმაში ჩაცმული ევგენი მიქელაძე და მისი მებრძოლები, რომელთა დეკლარირებული მისია  ქართველი ერის ეთნიკური შეუბღალაობისა და რჯულის კანონის ნორმების დაცვაა; მათთან ერთად, ავანსცენაზე შემოაბიჯეს  მამა გიორგი ყიფშიძის მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია  „კვირიკეს“ წევრებმა. უნდა ითქვას, ერთი თვის წინ,  ძალის დემონსტრირების გენერალური რეპეტიციაც შედგა, როცა თბილისის ქუჩებში მრავალათასიანი მრევლის მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა. ეს გამოსვლა  პრემიერის განცხადებას მოყვა, სადაც ივანიშვილმა გაკვრით ახსენა ეკლესიაში არსებული პრობლემები და საბიუჯეტო თანხებით საპატრიარქოს დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზეც ისაუბრა.

ახალი მთავრობისგან განსხვავებით,  ნაციონალების ხელისუფლება ხაზგასმულ რევერანსებს აკეთებდა ეკლესიის მიმართ,  რასაც სპატრიარქოსთვის გარდარიცხული თანხების ოდენობაც მოწმობს: აგვისტოს ომის შემდეგ,  ეკლესიის დაფინანსება 11 მილიონიდან 25 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 4 წლის შემდეგ, ეკლსია ღიად დაუდგა გვერდში ახალ პოლიტიკურ ძალას და, არ არის გამორიცხული, ახლა დივიდენდებს ითხოვს.

თქმა არ უნდა, სამართლებრივ სახელმწიფოში ყველას აქვს თვითგამოხატვის უფლება: ერსაც და ბერსაც;  უმცირესობასაც და უმრავლესობასაც. სახელმწიფო კი ამ უფლების გარანტი უნდა იყოს.

უმრავლესობამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. მაგრამ, შეპირებისამებრ, არა მშვიდობიანი მსვლელობითა და ლოცვით, არამედ, აგრესიით. ასეთ ვითარებაში უმცირესობის გამოჩენა თავისუფლების მოედანზე, თამამად შეიძლება ითქვას, წმინდა წლის პროვოკაცია იყო, რომელიც   ოსტატურად   გამოიყენა ოპოზიციამ - მათ დაგმეს ძალადობა და, სახელმწიფოს უუნარობაზე აპელირებით,  პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური სივრცე შეუზღუდეს: 17 მაისის აბსურდულ ვითარებაში მღვდლები აცხადებდნენ, რომ მანიფესტაციაზე წესრიგის დასაცავად იყვნენ მისულნი. პოლიცია კი წითელი ჯვრის ფუნქციას ასრულებდა და, სიცოცხლის რისკის ფასად, ლგბტ-ს აქტივისტებს  ქვების წვიმას არიდებდა.

კიდევ ერთი ლუსტრაცია მოქალაქეების ღირებულებებს შეეხო: როგორც აღმოჩნდა, ქართველთა უმრავლესობისთვის სამოქალაქო საზოგადოება დიდ ფასეულობას არ წარმოადგენს და სჯულის კანონი კონსტიტუციაზე უპირატესია. ასე რომ, თუ  მსგავს ინციდენტებს მომავალშიც ექნება ადგილი და მთავრობა ძალადობას ვერ ალაგმავს, წესრიგის უზრუნველყოფა, შესაძლოა,  ეკლესიამ ითავოს. ასეთ შემთხვევაში, ქვეყნის სათავეში მოვა არა მიშა, ან ბიძინა, არამედ ვიღაც სხვა - ვისთვისაც, ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტის - ევგენი მიქელაძის ფასეულობები ყველაზე ახლო და მისაღები იქნება.

არ არის გამორიცხული, დაიწყოს ჰომოსექსუალიზმში „ეჭვმიტანილთა“ დარბევები, რასაც,  ჩვენში ადგილი არ ჰქონია. დაჩაგრული მხარე ძალების მობილიზებას მოახდენს: თუ აქამდე ისინი გასაიდუმლოებულ ბინებსა და სადარბაზოებში იმალებდნენ და არც ლგბტ იდენტობის პირთა უფლებისდაცვით საქმიანობაში იყვნენ ჩართული, ახლა დაუფარავად დადგებიან საკუთარი ორიენტაციის დაცვის სადარაჯოზე; ამიერიდან,  ეს საქმიანობა უხვად იქნება დაფინანსებული.

საინტერესოა, რა   სწრაფი ცვლილება განიცადა საზოგადოებრივმა კონსენსუსმა: 1 ოქტომბრის არჩევნების წინ, მოქალაქეთა უმრავლესობა ძალადობის წინაღმდეგ დაირაზმა. დღეს კი, ხალხის დიდი ნაწილი სწორედ ძალადობას ამართლებს (გეი-პარადი ამოსაძირკვია,  ზნეობრივი სიწმინდე ნებისმიერ ფასად უნდა დავიცვათ!)

და ბოლოს - ძალადობის ესკალაციის შემთხვევაში, პოლიტიკურ კლასს ყოველთვის ექნება საიმისო მექანიზმი საკუთარი უსაფრთხოება დაიცვას. მაგრამ რა ქნან უბრალო მოქალაქეებმა?

ასე, რომ, ჰომოფობებო, მეტისმეტად იოლად წამოეგეთ პროვოკაციას!