სოზარ სუბარი „ლელოს

სოზარ სუბარი „ლელოს" რეზოლუციის პროექტზე: მამუკა მდინარაძემ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ „ომის პარტიების" არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არა თუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულადაც კი არ მივიღებთ

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ "ომის პარტიების" არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არა თუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულადაც კი არ მივიღებთ, - ასეთია დეპუტატ სოზარ სუბარის პასუხი უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს” მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე.

სუბარი იმასაც ამბობს, რომ “ლელოს” ინიციატივა საინტერესო არ არის, რადგან არის ხმაური არაფრისთვის და ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში.

“საქართველომ 2008 წელს სწორედ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჰააგის სასამართლომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და სამი პირი ბრალდებულად ცნო. მათი დაპატიმრების ორდენიც გამოიცა. სასამართლო პროცესი და გამოძიება გრძელდება. დარწმუნებული ვართ, კიდევ ბევრ პირს შეეხება. საქართველო 37 ქვეყანასთან ერთად თანაავტორია იმ საჩივრის, რომელიც შეტანილია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. 2008 წლის საჩივრისგან განსხვავებით, გამოძიება დაჩქარებული წესით მიდის და ყველაფერს დაადგენს.

საქართველოსა და ხელისუფლების პოზიცია სწორედ აქ ჩანს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, „ლელომ" პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი ადასტურებს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა უკრაინის სახელმწიფოზე.