ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ უკრაინული მხარე წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ის პასუხი, რომელსაც ქართული ოცნება სცემს უკრაინის ხელისუფლების ამ შეშფოთებას, არის სრულიად არაადეკვატური და მიმართულია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა სამადაშვილმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.