აშშ-ის ხაზინის მდივნის განცხადებით, რუსეთი დიდი ოცეულიდან უნდა გაირიცხოს

აშშ-ის ხაზინის მდივნის განცხადებით, რუსეთი დიდი ოცეულიდან უნდა გაირიცხოს

აშშ-ის ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ რუსეთი მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმიდან, დიდი ოცეულიდან უნდა გაირიცხოს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ბოიკოტს გამოუცხადებს ოცეულის შეხვედრებს, თუ მას რუსეთის ოფიციალური პირები დაესწრებიან, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მისივე თქმით, მან უკვე აცნობა კოლეგებს ინდონეზიაში, რომ აშშ „არ მიიღებს მონაწილეობას მთელ რიგ შეხვედრებში, თუ იქ რუსები იქნებიან“.

მიმდინარე წელს, ოცეულის პრეზიდენტის სტატუსი ინდონეზიას აქვს მინიჭებული. სწორედ ეს ქვეყანა უმასპინძლებს საფინანსო საკითხებზე შეხვედრას ივლისში, ასევე, მსოფლიო ლიდერთა სამიტს ნოემბერში.

აშშ-ის ინიციატივითვე, დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას უყრიან კენჭს.