„რუსული აგრესია, რომლის მომსწრენიც ვართ დღეს, სიახლე არ გახლავთ; ეს ყოველივე აშკარა გახდა მსოფლიოსთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უბრძანა თავის შეიარაღებულ ძალებს შეჭრილიყვნენ სუვერენულ საქართველოში 2008 წელს“, - აცხადებს კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, რუსეთის მიერ უკრაინაში შექმნილი საფრთხე აღმოსავლეთითაც გავრცელდეს.
„2008 წლის ომის დროს ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა დაკარგეს სიცოცხლე, შესწირეს ჯანმრთელობა და დაკარგეს ტერიტორიები. ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს“, - აღნიშნა კინზინგერმა.
მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ, საქართველოს მხარდამჭერ აქტს მტკიცე და დიდი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
„დღეს აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, რაც გამოიხატება მზარდ მხარდაჭერაში უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე წელს შევიტანეთ მცირედი ცვლილებები, რაც კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს უსაფრთხოების პოზიციებს, რათა უზრუნველვყოთ ახალგაზრდა დემოკრატიის წინსვლა რუსეთის აგრესიის შიშის გარეშე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის აშშ-ის ძლიერი მოკავშირე 11 სექტემბრის შემდეგ, საქართველო მიუერთდა ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ არ გახლავთ ნატო-ს წევრი. საქართველო არის ლიდერი ქვეყანა ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებით, ჩვენ ვუგზავნით მკვეთრ გზავნილს პუტინს, რომ აშშ დგას თავისი პარტნიორებისა და მოკავშირეების გვერდით. მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს მხარი დაუჭირონ კანონპროექტს“, - აცხადებს კინზინგერი.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო