ეს კვლევა სამწუხაროდ ბევრმა აიტაცა, რომ თითქოს ეს არის ევროკავშირის პარლამენტის დოკუმენტი, რაც გახლავთ ტყუილი. ეს გახლავთ ერთ-ერთი ორგანიზაციის ანგარიში და შეფასება, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთ ანგარიშს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მან ანგარიშში რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა აღმოაჩინა.
„ევროპარლამენტს ჰყავს თავისი მომხსენებელი და თავისი დოკუმენტი იქმნება ევროპარლამენტის მხრიდან და იქ ეს შეფასებები ჯერჯერობით არც გვინახავს. მე ვნახე რომ რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა იყო. დეტალურად გავეცნობით, გავაანალიზებთ და გასათვალისწინებელ საკითხებს გავითვალისწინებთ. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ეს არ გახლავთ ევროპარლამენტის დოკუმენტი და სამწუხაროა, რომ დეზინფორმაცია ვრცელდება, რომ თითქოს ეს ევროპარლამენტის ოფიციალური დოკუმენტია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა. დოკუმენტის ავტორები კვლევითი სამსახურის მკვლევარები არიან.