ქართული არმია 22 წლისაა. წერილი პირველი: „ყრმობის ასაკის“ თავისებურებები

ქართული არმია 22 წლისაა. წერილი პირველი: „ყრმობის ასაკის“ თავისებურებები

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მიაღწიეს „ზრდასრულ“ ასაკს და გადალახეს ე.წ. „თინეიჯერობის“ ასაკობრივი ზღვარი. ბუნებრივია 30 აპრილი, რომელიც ამ დღეებში აღინიშნა, მისალოცი თარიღია. ყველა ოფიცერს, სერჟანტს და კაპრალს ოდნავ დაგვიანებით ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და ვუსურვებ თავიანთი მოვალეობების რაც შეიძლება ნაკლებად შესრულებას. თუმცაღა, აღნიშნული თარიღი გვაძლევს დაფიქრების და იმის გარკვევის საბაბსაც, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში და რანი ვართ დღეს.

დავიწყოთ იქიდან, რომ 30 აპრილი უკავშირდება ერთგვარ ტრაგიკულ მოვლენებსაც, სახელდობრ, ის უკავშირდება 1991 წლის 30 აპრილს მაშინდელი საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებულ ეროვნული გვარდიის შექმნის ხორცშესხმის მცდელობას და პირველ გაწვევის გამოცხადებას ქართულ ნახევრად-გასამხედროებულ ფორმირებაში და არა საბჭოთა მონსტრში - წითელ არმიაში, საიდანაც უკან საღ-სალამათად დაბრუნების ალბათობა საკმაოდ დაბალი იყო. სწორედ ამ დღეს დაარსდა საქართველოს ეროვნული გვარდია, რომელიც წარმოადგენდა იმ ღირსეული და საამაყო შეიარაღებული ძალების სამართალმემკვიდრეს, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის პერიოდში 1918-1921 წლებში და რომელმაც ყველა ომი მოიგო, მათ შორის უკანასკნელიც კი - 1921 წლის თებერვალში (მხედველობაშია თბილისის დაცვის სტრატეგიული თავდაცვითი ოპერაცია წითელი მე-11 არმიის წინააღმდეგ), თუმცაღა მაშინდელი პოლიტიკოსების სიბეცის წყალობით მოგებული ომი „ლანგარით“ მიართვეს მარგინალ ქართველ ბოლშევიკებს, სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით.

სამწუხაროდ, 1991 წლის ჩამოყალიბებული ეროვნული გვარდია არ გამოდგა სამაგალითო ნიმუშის მქონე სამხედრო ინსტიტუტი, რადგანაც 1991 წლის დეკემბრის სამხედრო გადატრიალებაში აქტიურად მონაწილე მხარედ მოგვევლინა. სამწუხაროა, რომ ეროვნულ გვარდიას არ მიეცა საშუალება, მიეღო ისტორიული ბრძოლის გამოცდილება და მოეგო პირველი ომი საბჭოთა არმიის წინააღმდეგ,  აგვისტოს იმ სამი დღის განმავლობაში, როდესაც საბჭოთა კავშირში სამხედრო გადატრიალება მოხდა და რომელიც მალევე დასრულდა. ამგვარი გამოცდილება მიიღეს ბალტიისპირეთის დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა. მაგალითად, ლიტვის ტერიტორიული თავდაცვითი დეპარტამენტის ძალებმა შესძლეს ვილნიუსში საბჭოთა არმიისგან დაეცვათ ქვეყნის პარლამენტი.

ამგვარ მინი-ომის გამარჯვების სინდრომმა საფუძველი ჩაუყარა უკვე მოგვიანებით ეფექტური ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას და შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ჩვენს შემთხვევაში ორივე მხრიდან დაშვებული შეცდომების შედეგად, ეროვნული გვარდია გადაიქცა შიდა-პოლიტიკური კრიზისის უცილობლად მონაწილე აქტორად, რამაც მძიმე ფსიქოლოგიური „დაღი“ დაასვა თვით ეროვნული სამხედრო ძალის შექმნის პროცესს და მორალურად გატეხა ქართული საბრძოლო სულისკვეთება. ამის შედეგად კი ახლადშექმნილმა ქართულმა სახელმწიფომ შედეგად მიიღო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გეოსტრატეგიის ფორმატში, წაგებული ომები (და არა ბრძოლები).

1992-95 წლებში უკვე ედუარდ შევარდნაძის და მისი მმართველი ძალის მიერ (რომელიც ისეთივე „ჭრელ ლენტს“ წარმოადგენდა, როგორც არტურ კონან დოილის ანალოგიური დასახელების ნაწარმოებშია აღწერილი), უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელმწიფოებრიობის პირობებშიც კი ვერ მოახერხა კლასიკური ტიპის ანუ კლაუზევიციანური მოდელის სახის, შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. იმ პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდელი წარმოადგენდა ისეთივე ჭრელი ტიპის ნაზავს, როგორც ეს იმჟამინდელ პოლიტიკურ გარემოში არსებობდა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ მხოლოდ და მხოლოდ, ეროვნული გვარდიის ნაწილები, ნახევრად-გასამხედროებული შენაერთი „მხედრიონი“, რომლის ლეგალიზების მცდელობა მცირე ხნით განხორციელდა 1994 წელს („მაშველთა კორპუსის“ სტატუსის მინიჭების სახით) და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, რომელსაც გააჩნდა მძიმე ტექნიკის ერთეულები და დამრტყმელი ავიაცია. მოგვიანებით მათ რიგებს დაემატათ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ეგიდით მოქმედი სპეცდანიშნულების ბრიგადა, დისლოკაციის ადგილით მუხროვანში, და განსაკუთრებული რაზმი „ალფა“. ბრიგადას გააჩნდა სახმელეთო ბრიგადისთვის დამახასიათებელი ყველა საბრძოლო კომპონენტი, მათ შორის მძიმე ტექნიკის და დამრტყმელი ავიაციის ერთეულები.

როგორც ჩანს, ედუარდ შევარდნაძის „მაკიავილისებური“ პოლიტიკის (შეითავსო ერთმანეთში ლომისა და მელას თვისებები) წარმოებას „შეეწირა“ ჭეშმარიტად ძლიერი ეროვნული სამხედრო ინსტიტუტის ჩამოყალიბება და განვითარება. ეს ყველაფერი კი მოხდა იმ დროს, როდესაც ჩვენმა ორივე მეზობელმა ქვეყანამ სწორედ ამ პერიოდში მოახერხა სრულყოფილი შეიარაღებული ძალების შექმნა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ჯერ კიდევ „ჩანასახოვან“ მდგომარეობაში მყოფმა ქართულმა სამხედრო ფორმირებებმა სრულად გაიარეს „ლათინოამერიკული“ შეიარაღებული ძალებისთვის დამახასიათებელი ყველა ეტაპი (მოკლედ „ლათინოამერიკულ“ სერიალების სინდრომი არ ასცდა ქართველ სამხედროებს, ისევე როგორც ქართულ საზოგადოებას მთლიანად). აღნიშნული მოიცავდა ისეთ მომენტებს, როგორებიცაა: 1991 წლის დეკემბრის სამხედრო გადატრიალება, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა; 1992 წლის გაზაფხული სამოქალაქო ომის გაგრძელება და წარმოება ცხინვალის რეგიონში; 1992 წლის ივნისში სამხედრო პუტჩის მოწყობა გარკვეული სამხედრო პირების მხრიდან; 1992-93 წლებში აფხაზეთში სამოქალაქო ომის დაწყება და მიმდინარეობა; 1994 წელს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის, თენგიზ კიტოვანის სამხედრო ავანტიურის აღკვეთა ისევ სამხედრო კომპონენტის გამოყენებით; 1995 წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო მეთაურზე ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობა, რასაც მოყვა სამხედრო „პრონუნსიამენტოს“ მსგავსი ქმედება ამ უკანასკნელის მხრიდან მეორე სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფების (იგორ გიორგაძე-ჯაბა იოსელიანი) წინააღმდეგ (ანუ იგივე ლათინოამერიკული სამხედრო პუტჩის ვარიანტი, რომლის დროსაც გამოიყენება სამხედრო კომპონენტი ძალოვანი სტრუქტურების დაბლოკვის მიზნით - მაგალითად, 1973 წლის 11 სექტემბრის სამხედრო პუტჩი ჩილეში პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს და მის მომხრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების წინააღმდეგ).

ვფიქრობ, რომ უკვე ჩამოთვლილი პროცესების და მოვლენების დაფიქსირება წარმოადგენს საკმაოდ სოლიდურ მაჩვენებელს, რომელიც სავსებით დაამშვენებდა რომელიმე სხვა ქვეყნის „ასაკობრივ სტაჟირებაში“ მყოფ შეიარაღებული ძალების სტატუსს (მაგალითად, იგივე რუსეთის ფედერაციის ან აშშ-ს). სამწუხაროდ აღნიშნულ პერიოდში სრული კრახი განიცადა საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესმა და მას დაერთო „წაგებული ომების სინდრომის“ გაჩენა (მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იმყოფებოდნენ სრულ დეგრადირების პროცესში და მათთან სავსებით შესაძლებელი იყო წარმატებული სამხედრო კამპანიის წარმოება, სათანადო სამხედრო სტრატეგიულ-ოპერატიული მოწყობის მოდელისა და შესაბამისი სამხედრო-დოქტრინალური პრინციპების მორგების საფუძველზე, მოკლე პერიოდში, ძლიერი და მობილური ქართული არმიის შექმნა).

ამ პერიოდში ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი ცენტრალიზებული სამხედრო მართვის ორგანო - გენერალური შტაბის სახით (ეს სტრუქტურა მოქმედებდა 1992 წლიდან, მაგრამ უფრო მეტად სამხედრო სპეციალისტების თავშეყრის ორგანოს, კლუბს გავდა, რომელიც უფრო მეტად კონსულტირების სახეს ატარებდა), ვერ ჩამოყალიბდა შეიარაღებული ძალების სახეობათა ჯარები და მათი მართვის ორგანოები, არ იყო დამუშავებული სამხედრო დოქტრინა და სამხედრო სტრატეგია, ის აუცილებელი კონცეპტუალური დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის თავდაცვის სისტემის მოწყობის პრინციპებს და ახორციელებს საგარეო სამხედრო საფრთხეების კლასიფიცირებას. ვერ განისაზღვრა სამობილიზაციო რესურსის და ტერიტორიული თავდაცვითი პოლიტიკის გეგმები, ვერ განხორციელდა ეროვნული თავდაცვისთვის საჭირო სათანადო შეიარაღების შეძენის პროგრამები და ვერ გამოიყო ლოჯისტიკისა და საფინანსო დაგეგმარების პრიორიტეტები და ა.შ.    

საერთოო ჯამში, მოცემულმა გარემოებამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა, მთლიანად საქართველოს შეიარაღებული ძალების, როგორც ერთიანი მექანიზმის გარდაქმნის საქმეში, ისევე როგორც „ვიეტნამის სინდრომმა“ მთლიანად იდეოლოგიურად „გახრწნა“ იმდროინდელი ამერიკული შეიარაღებული ძალები და 1972 წლიდან აშშ-ს ფედერალურ ხელისუფლებას მოუწია თვისობრივად ახალი ტიპის სამხედრო სისტემის ჩამოყალიბება. რეფორმამ ლამის 10 წელი გასტანა და თავისი შედეგი 1983 წლის ოქტომბერში გრენადაში განხორციელებული წარმატებული სამხედრო კამპანიის სახით მოიტანა.

ასეთივე დილემის წინაშე აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის და შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები. „ავღანეთის სინდრომი“ და „ჩეჩნური სინდრომი“ აღმოჩნდა საკმარისი საბჭოთა კავშირის არმიის გაქრობისათვის (1992 წლის ივნისი) და შემდეგ რუსეთის ეროვნული შეიარაღებული ძალების დეგრადირებისთვის. რუსეთს თითქმის 10-წლიანი სამხედრო რეფორმის გატარება მოუწია, რათა  გარკვეული სახის წარმატებული არმიის აღმშენებლობის მოდელისთვის მიეღწია.