როდესაც ადამიანების მკვლელობის, გატაცების ორგანიზებაში ბრალდებული ადეიშვილი ინიშნება უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩევლად, აღარ გვიკვირს ასეთი ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ - ამაზეა საუბარი. ეს არის არამეგობრული ნაბიჯები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და ძალიან ცრუ ბრალდებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან კომენტარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა. სუბარი საუბრისას გია ლორთქიფანიძის თემასაც შეეხო.
„ადამიანი, რომელიც ბრალდებულია უმძიმეს დანაშაულებში. საუბარია, 26 მაისი დარბევაზე, სადაც 2 ადამიანის მკვლელობა მოხდა, 250 ადამიანისთვის უმძიმეს დაზიანებაზე, მათ შორის სახალხო დამცველის, ასევე საუბარია 800-მდე ადამიანისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაზე და მართლაც კონტრაბანდული გზით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შემოპარებაზე, რითაც ორი ქვეყნის კანონმდებლობა დაირღვა; როდესაც ასეთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი უკრაინის ხელისუფლებისთვის ცნობილია, ინიშნება ძალიან მაღალ თანამდებობაზე, როდესაც პოლიტიკური დევნილის სტატუსს აძლევენ ადამიანს, რომელიც ადამიანების წამების სიმბოლოდ იყო ქცეული, საუბარია ჯალათ მუხაძეზე, რომელიც მე-8 დაწესებულების დირექტორი იყო. მანამდე კი სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების დირექტორი, ჩვეულებრივი ჯალათი იყო, რომელიც ადამიანების წამებაში პირადად მონაწილეობდა. ეს არის დასაბუთებული და მას აძლევენ თავშესაფარს; როდესაც ადამიანების მკვლელობის, გატაცების ორგანიზებაში ბრალდებული ადეიშვილი ინიშნება გენერალური პროკურორის მრჩევლად, აღარ გვიკვირს ასეთი ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ - ამაზეა საუბარი და ეს არის არამეგობრული ნაბიჯები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და ძალიან ცრუ ბრალდებები. ქვეყანა, რომელიც მართლაც, ყველაფერში გვერდით უდგას უკრაინას. და ბოლოს, დღეს, როდესაც ბუჩის უმძიმესი კადრები გავრცელდა და უმძიმეს დანაშაულებზეა საუბარი რუსეთის მხრიდან, ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ხელი მოაწერა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელმაც ეს დანაშაულები უნდა გამოიძიოს. ასეთ დროს კი, როდესაც არამეგობრულ პასუხებს იღებ, ძალიან გასაკვირი, შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია“, - დასძინა სუბარმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე შეთანხმდა.