დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

„პირველ რიგში, მინდა, ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება, 30 წელია, ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა თანამდებობაზე. ამ 30 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის აშშ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

„როდესაც ჩვენი ხელისუფლება, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა და სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მე მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, დავით ზალკალიანის შემცვლელიც დაასახელა. მისი განცხადებით, ამ თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი დაიკავებს.