აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ, როგორ შეუძლია დასავლეთს უკრაინის უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიებით უზრუნველყოფა, თუ კიევი ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის რუსეთთან მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.
წყაროების ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა საბოლოოდ უკრაინას ისეთი სახის იურიდიულად სავალდებულო დაცვა შესთავაზონ, როგორც ამას კიევი ითხოვს.
სტამბოლში რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ შესაძლოა ნეიტრალიტეტის ვალდებულება აიღოს, თუმცა ამავე დროს, მათ სურთ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, რატიფიცირებული ხელშეკრულებებით უზრუნველყონ, რომ უკრაინას დაიცავენ, თუ რუსეთი მომავალში კვლავ შეიჭრება.
დასავლელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი აღიარებს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ტიპის შეთანხმება არ იქნება სასარგებლო.
გარდა ამისა, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი გაკვირვებული დარჩა უკრაინის მიერ სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებული განცხადებით, რომ დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიები მოლაპარაკებების ნაწილი შეიძლება იყოს.
30 მარტს, დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ბრიტანეთი გამორიცხავს იმ ვალდებულებების აღებას, რომელიც ნატოს წევრებს ალიანსის ფარგლებში აქვთ.
31 მარტს, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, ქეით ბედინგფილდმა განაცხადა, რომ აშშ ჯერ არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბროს.
„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვესაუბრებით უკრაინელებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს ვიტყვი“, - აცხადებს ქეით ბედინგფილდი.