მამუკა მდინარაძე: არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის მეასედი არ გაუკეთებიათ, ვიდრე საქართველომ გააკეთა. ამის მიუხედავად, მეასედი საყვედური არ გამოთქმულა მათი მისამართით

მამუკა მდინარაძე: არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის მეასედი არ გაუკეთებიათ, ვიდრე საქართველომ გააკეთა. ამის მიუხედავად, მეასედი საყვედური არ გამოთქმულა მათი მისამართით

იმის მიუხედავად, მეასედიც რომ არ გაუკეთებიათ ქვეყნებს, მეასედი საყვედური არ გამოთქმულა მათი მისამართით, ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის იქეთ ჩვენ სიღრმეში აღარ შევდივართ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თემის სიღრმეებში სასაუბროდ არ შევა.

მიი თქმით, არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის მეასედი არ გაუკეთებიათ, ვიდრე საქართველომ გააკეთა.

„აღარ შევიდეთ ამ სიღრმეებში, რაც გარკვეულ უხერხულობას გამოიწვევს. დღეს ამის დრო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი მხრიდან არა მხოლოდ ნორმალური, არამედ კარგი, მეგობრული დამოკიდებულება ჩანდა და ისიც ვიცით, მეორე მხრიდან რა დამოკიდებულებაა ბოლო პერიოდში. ეს ქვეყანა ომს აწარმოებს, თავს იცავს, ამ ქვეყანას ქალები და ბავშვები ეხოცებიან და ახლა მის ხელისუფლებასთან, ჩვენ რაც არ უნდა მოგვწონდეს თუ არ მოგვწონდეს, ამაზე კამათის დრო არ არის. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ მოდით, შევეშვათ ამ თემას. მათ რაც არ უნდა თქვან, ჩვენ დეტალებში არ შევდივართ. ზედაპირულად ვამბობთ, რომ ეს არის ალოგიკური, მათ შორის იქედან გამომდინარე, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც მეასედი არ გაუკეთებიათ, ვიდრე საქართველომ გააკეთა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ თანასპონსორები და ინიციატორები ჰააგასთან მიმართებით, უკრაინის მხარდასაჭერად, ევროსაბჭოში, ეუთოში, ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე. თუმცა, იმის მიუხედავად, მეასედიც რომ არ გაუკეთებიათ ქვეყნებს, მეასედი საყვედური არ წასულა მათი მისამართით, ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის იქეთ ჩვენ სიღრმეში აღარ შევდივართ“, - განაცხადა მდინარაძემ.