19 მაისს სპორტის სასახლეში პოლიტპატიმრად აღიარებული ადამიანების ორგანიზებით გაიმართა ყრილობა, რომელიც სამართლიანობის აღდგენასა და რეჟიმის გასამართლებას ითხოვს.
ყრილობის გარდა, დაფუძნდა სახალხო მოძრაობა "სამართლიანობა უნდა აღდგეს" და შეიქმნა კომისია, რომელიც ერთ–ერთი ორგანიზატორის, პოლიტპატიმრად აღიარებული ტრისტან წითელაშვილის განცხდებით, კონკრეტული ადამიანების მიმართულებით იმუშავებს:
"კომისია მოახდენს შუამავლობას პარლამენტსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დაზარალდნენ"–განაცხადა მან.
ყრილობას მსახიობი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა, მის გამოსვლებს შორის ვიდორგოლებს აჩვენებდნენ. პირველი ვიდეორგოლი იმ ადამიანების ჩვენებით დაიწყო, რომლებიც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა. ოდნავ მოგვიანებით ყრილობის წამყვანმა სიტყვა ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძეს გადასცა, რომელმაც შეკრებილებს შემდეგი ტექსტით მიმართა:
"მეგონა, რომ ეს შეხვედრა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნებოდა სულ სხვა სულისკვეთების, სულ სხვა თემებზე შევხვდებოდით ერთანეთს, მაგრამ რა ვქნათ, ბედმა ეს გვარგუნდა და ერთმანეთს ვხვდებით კიდევ იმ ტკივილით, რომ ქვეყანას აკლია სამართლიანობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი უფლებები ისევ ისე შელახული და ისევ გვდევნიან".– განაცხადა მან.
დარბაზში შეკრებილებს შორის იყვნენ იპოთეკით დაზარალებული პირები. მათი მთავარი პროტესტი იპოთეკით მიღებული ზარალისგან იყო გამოწვეული. შეკრების მიმდინარეობისას ხშირად ისმოდა სიტყვა კოაბიტაცია. წამყვანმა დიმიტრი ჯაიანმა ჯერ ვიდეორგოლის ნახვისკენ მოუწოდა შეკრებილებს, რომელშიც 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენები იყო ასახული, მისი დასრულების შემდეგ კი აღნიშნა, რომ " დამეთანხმებით ასეთ რეჟიმთან კოაბიტაცია რთულია".
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი განცხადებით, იგი აღნიშნულ ყრილობაზე მიიწვიეს:
"მე ყველგან მივდივარ, მით უმეტეს, როდესაც ათასობით ადამიანი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ახლა აქ არის, ამავე დროს მოდიან სახალხო დამველის ოფისში კონკრეტული საჩივრებით. მე, როგორც სახალხო დამცველს, არ მქონდა უფლება ამდენი ადამიანის მოწვევაზე მეთქვა უარი. როდესაც საუბარია არაერთ უკანონო გადაწყვეტილებაზე და განაჩენზე. სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველგან, სადაც ხალხი მოითხოვს რეაგრებას. ჩვენ უკვე ვსწავლობთ გარკვეულ საქმეებს. თუნდაც ის, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს სტატუსი და ამას არ მოჰყოლია ნასამართლეობის მოხსნა, ძალიან ბევრი საქმის გასაჯაროება არ მომხდარა. ბევრ საქმეს კვლავ ადევს გრიფი საიდუმლო, არანაირი რეაბილიტაცია არ დაწყებულა ამ ადამიანების".–განაცხადა ნანუაშვილმა.
"ნეტგაზეთის" შეკითხვაზე ყრილობის მეორე მოთხოვნასთან, რეჟიმის გასამართლებასთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილმა უპასუხა, რომ ეს საკითხი მას, როგორც სახალხო დამცველს, არ ეხება:
"ეს მე არ მეხება, ეს არის პოლიტიკური საკითხი, თუმცა სამართლიანობის აღდგენის ნაწილში მე ვსწავლობ ძალიან ბევრ კონკრეტულ ფაქტს".
შეკრებას ასევე ესწრებოდა "დემოკრატული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. იგი სიტყვით გამოვიდა და მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დანაშაულებრივ რეჟიმთან კოაბიტაცია შეიძლება დანაშაულის ტოლფასი აღმოჩნდეს.
"აქ მოსული ადამიანები შეიკრიბნენ, რომ ხელისუფლებას უთხრან - ჩვენ არ მიგვიცია ხმა პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის დამნაშავე რეჟიმთან კოაბიტაცისთვის, ხმა ხალხმა ახალ ხელისუფლებას მისცა იმიტომ, რომ ათიათასობით ადამიანი, რომლის უფლებებიც შეილახა, სამართლიანობის აღდგენას ელოდება. მე მოვედი მათთან, რომ გამოვუცხადო სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომელთა უფლებებიც დაირღვა. დავაფიქსირო, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. კოაბიტაცია დანაშაულებრივ რეჟიმთან შეიძლება დანაშაულის ტოლფასი გახდეს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ყრილობის დასასრულს შეკრებილებს რეზოლუციის ტექსტი გააცნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმართავენ საქართველოს პარლამენტს შემდეგი მოთხოვნით:
შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და შესაბამის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას მისცემს მას.
გარდა ამისა, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოითხოვენ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის გაზიარებას და " ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში სამართლიანი და ობიექტური პოზიციის დაფიქსირებას.
ყრილობა მუსიკალური ნომრით დასრულდა.