30 წელია კალაშნიკოვის ლულა შუბლზე გვაქვს მობჯენილი - უბრალოდ, მაშინ მარტო ვიყავით და ახლა მარტო არ ვართ, მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ გვერდში გიდგავართ და ჩვენ ვეუბნებით თავი დაგვანებეთ, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველმა, აკია ბარბაქაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაში იმყოფება.
"30 წელია კალაშნიკოვის ლულა გვაქვს მობჯენილი შუბლზე. 90-იანი წლებიდან. 2008 წელსაც და დღესაც. რა განსხვავებაა? უბრალოდ მაშინ მარტო ვიყავით და ახლა მარტო არ ვართ. მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ გვერდში გიდგავართ, და ჩვენ ვეუბნებით თავი დაგვანებეთ, ჩვენ ასე ქვიშაში უნდა გვქონდეს თავი ჩაყოფილი", - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ.
მან გადაცემაში ასევე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოსმენასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება „მტყუანის პოზიციაშია“ და „სტრატეგიულ პარტნიორს“ ემალება.
"მას სურს დიალოგი სტრატეგიულ პარტნიორთან და სტრატეგიული პარტნიორი ემალება. მართალი ადამიანი არასდროს გაურბის დიალოგს, მტყუანი გაურბის და ამ შემთხვევაში მტყუანის პოზიციაშია ხელისუფლება. მეტი გასაჭირი უკრაინას არ ექნება, რაც ახლა აქვს და არ შეიძლება ასეთი კატეგორიებით იმსჯელო. ამ სოციოპატიას დაანებონ თავი, არ შეიძლება ასე გაგებუტე, დაგასწარი, იმიტომ რომ „ნაცი“ ხარ, იმიტომ რომ ესა ხარ. ყოფნა არ ყოფნის საკითხია და ტყუილად ჰგონიათ, რომ მარტო უკრაინის ყოფნა არ ყოფნის საკითხია", - აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, რუსეთი საქართველოს საჰაერო და სახმელეთო სივრცეების გამოყენებას მიზანმიმართულად ცდილობს.
როგორც აკია ბარბაქაძემ აღნიშნა, ქვეყნისთვის ყველაზე სახიფათო იქნება, თუკი საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მძიმე ტექნიკისთვის სახმელეთო კორიდორის გახნას დათანხმდება.
"რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს გამოიყენოს საქართველოს არა მარტო, საჰაერო სივრცე, არამედ სახმელეთო სივრცეც. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ირანთან ურთიერთობა დაიძაბა, ისინი პირდაპირ მუქარით ლაპარაკობდნენ, რომ მაშინ პირდაპირ ძალით გაივლიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე არის მოსაზრება, რომ რუსეთს სურს ლენინაკანიდან სამხედრო შენაერთი სახმელეთო გზით აფხაზეთის მიმართულებით გადაისროლოს და შემდეგ სოჭის გავლით, უკრაინაში. ეს მოსაზრება არსებობს. თან რუსეთი ამას აკეთებს ისე, რომ კბილს უსინჯავს ქართულ საზოგადოებას, რამდენად სენსიტიური ვიქნებით ამ საკითხის მიმართ და მეორე ის ცდილობს, გააკეთოს ისე, თუ გაუვიდა, რომ დაგვაპირისპიროს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, დაგვაპირისპიროს უკრაინასთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ეს არის მისგან დაუღალავი მცდელობა და გარკვეულ პერიოდებში, რაღაც სხვადასხვა საკითხებში ასეთ მიზანს აღწევს კიდეც.
ყველაზე სახიფათო იქნება, თუ ხელისუფლება რუსეთს მძიმე ტექნიკისთვის სახმელეთო კორიდორის გახსნას დათანხმდება. ხელისუფლების დათანხმების გარეშე ის ამას ვერ გააკეთებს და თუ ის ეცდება ამას, მაშინ ჩვენ, ქართველი ერი, როგორც უკრაინელები უდგანან რუსულ ტანკებს, მოგვიწევს ეგრე დადგომა ჩვენს ტერიტორიაზე, რომ არ მივცეთ მათ საშუალება, რომ გაიარონ ჩვენ ტერიტორიაზე. მათ აქვთ ამისთვის შესაძლებლობა, მათ აქვთ ქვეყნებთან მეგობრული ხელშეკრულება გაფორმებული და ნება იბოძონ და იმ გზებით გაიყვანონ ეს საბრძოლო ტექნიკა თუ უნდათ.
ჩვენ გვავიწყდება, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი. დღემდე საოკუპაციო ჯარები უყენია ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე, ჩვენ არ ვართ რუსების მეგობრული ქვეყანა და რუსები ჩვენი მეგობრები არასოდეს არ იქნებიან", - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.