სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პედესტალიდან მოგვიწოდა ოპოზიციას, რომ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან. მინდა მას მივმართო - თქვენ ითანამშრომლეთ ქალბატონო სალომე, როგორი სათანამშრომლოა, როდესაც პრეზიდენტი ხართ და ქვეყნიდან არ გიშვებენ, თუ ქვეყნიდან გაიპარებით, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში გიჩივიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესაძლებლობა არ აქვს და „ბაქიბუქობენ“, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.
,,სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პედესტალიდან მოგვიწოდა ოპოზიციას, რომ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, მინდა მას მოვუწოდო - თქვენ ითანამშრომლეთ ქალბატონო სალომე, როგორი სათანამშრომლოა, როდესაც პრეზიდენტი ხართ და ქვეყნიდან არ გიშვებენ, თუ ქვეყნიდან გაიპარებით კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში გიჩივლებენ. ამნაირ ხალხზე გვეუბნებით ითანამშრომლეთო, ადექით და თქვენ ითანამშრომლეთ, აბა როგორია რუსულ პარტიასთან თანამშრომლობა? რომ ბაქიბუქობენ სასამართლოში ვუჩივლებთ და შემდეგ იმპიჩმენტს მოვუწყობთო, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ზელენსკის ადმინისტრაცია თანახმაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს, თუმცა „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილების მიღებას ვერ ბედავს.
"პრეზიდენტმა ზელენსკის მიმართა აშშ-ს კონგრესს, ბუნდესტაგს და დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატას. ზელენსკის ადმინისტრაცია თანახმაა იმაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს, თუმცა ვხედავთ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას, რომ ვერ ბედავენ ამ გადაწყვეტილების მიღებას. ეს ხალხი არ არის თავისუფალი თავიანთ გადაწყვეტილებაში და კონკრეტულ დირექტივებს იღებენ მოსკოვიდან. ის, რომ რუსული პარტია ვერ თანხმდება ზელენსკის ჩართვაზე პარლამენტში, ჩემთვის არანორმალური ნამდვილად არ არის, თუმცა საზოგადოებამ უნდა მიიღოს დამატებით სიგნალად, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული პარტია საქართველოში, რომელიც იმართება ოფიციალური მოსკოვის მიერ“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.