პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა საქართველოს პარლამენტში ძალიან სწორი იქნება. როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი არ შეიძლება რუსეთისთვის პროვოკაციული აღმოჩნდეს, რადგან მან ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა.
„მიმაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენკის საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ძალიან სწორი იქნება. ეს საქართველოს ხელისუფლებისგან ერთგვარად იმის აღიარება იქნება, რომ ჩვენ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით, ისევ სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით და ვაცხადებდით. ზელენკისთვის ეს მეორე ჩართვა იქნება. ალბათ, გახსოვთ, როდესაც მან თბილისში, მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა. კარგი იქნება, თუ პარლამენტსაც მიმართავს, მითუმეტეს, ეს არ იქნება სიახლე, არც მსოფლიოსთვის და თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ასეთმა სიტყვით გამოსვლამ შეიძლება საქართველოში რაიმეს პროვოცირება მოახდინოს. ალბათ, საქართველოს ხელისუფლება ისევ შეეცდება, აპელირება დაიწყოს იმაზე, რომ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა შესაძლოა, პროვოკაციული აღმოჩნდეს. ზოგადად, რუსეთმა ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა და დღეს მას რაიმე შემაკავებელი ფაქტორი უბრალოდ არ აქვს, რაიმეს ახალს მოიფიქრებს თუ ისევ დაიწყებს საქართველოში შემოჭრას, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, ამას თავად გადაწყვეტს. ამიტომ ომის საფრთხესა და პროვოცირებაზე საუბარი მგონი სრულიად უადგილოა“,-განაცხადა ძაბირაძემ.
მისი თქმით, თუ ოპოზიციას სურდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსულიყო, ჯერ ეს თემა კულუარებში ხელისუფლებასთან ერთად უნდა განეხილა და არა საჯარო განცხადებებით.
„დღეს იმდენად დაძაბულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა, რომ რა საჭიროების თემაც არ უნდა წამოჭრას ოპოზიციამ, ხელისუფლება უარს იტყვის. ოპოზიციამ პირდაპირ გააკეთა ამის შესახებ განცხადება. ვფიქრობ, ყველაზე რბილი შეფასებით, ეს პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი იყო, ჯერ ხელისუფლებისთვის შეეთავაზებინათ და შემდეგ გაეხმოვანებინათ. თუ ხელისუფლება უარს იტყოდა, ეს უკვე სხვა თემა იქნებოდა“,-განაცხადა ძაბირაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დათანხმდება თუ არა „ქართული ოცნება“ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, ეს მის „ისედაც შელახულ რეპუტაციას დიდად ვეღარ გააფუჭებს“.
„ხელისუფლების რეპუტაცია მაინც ვერ არის ისეთ დონეზე, როგორც უნდა იყოს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს, მაგრამ არა გადამწყვეტი. ხელისუფლებას ბევრის გაკეთება მოუწევს იმისთვის, რომ რეპუტაცა აღიდგინოს. ეს მაინც პიარის ნაწილში გავა. მიუხედავად განცხადებებისა, ხელისუფლება მაინც რჩება იმ აზრზე, რომ სანქციებს არ შეუერთდეს, თუმცა სანქციების შეერთება-არშეერთების საკითხი შეიძლებოდა უფრო რბილად გადაწყვეტილიყო ამ ხელისუფლებას რომ უფრო დიპლომატიურად ემოქმედა და ემუშავა. ამიტომ, რადგან ხელისუფლება მთავარზე არ მიდის და სანქციებს არ უერთება, ზელენსკის სიტყვით გამოსვლაზე უარის თქმა, დიდად ვეღარ გააფუჭებს ისედაც შელახულ რეპუტაციას“,-განაცხადა ძაბირაძემ.