კიევში მყოფი პატიმრები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

კიევში მყოფი პატიმრები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

უკრაინაში, კიევში მყოფი პატიმრები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. „ინტერპრესნიუსს“კიევის ცენტრში, ლუკიანოვსკას საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა ქართველმა პატიმარმა, გოგიტა სურმავამ განუცხადა, რომ მასთან ერთად ციხეში დაახლოებით 100-მდე საქართველოს მოქალაქე პატიმარი იმყოფება და მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

სურმავა აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ციხის მახლობლად უკვე არაერთი ბომბი ჩამოვარდა.

„ვინც აქ ვართ, თითქმის ყველას წინასწარი პატიმრობა გვაქვს შეფარდებული, რომელიც 2 თვეში გვიმთავრდება - უმრავლეს შემთხვევაში ჯერ კიდევ გამოძიებები მიმდინარეობს. უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, ეს სანქცია ან პატიმრობით უნდა გაგრძელდეს, ან გათავისუფლებით. სანქციები რომ მთავრდება, ადვოკატის, მოსამართლის და თარჯიმნის გარეშე პროკურორი ერთი ხელის მოწერით პატიმრობას გვიგრძელებს. ამასთანავე, ჩვენი უსაფრთხოება არის ნულის ტოლი, ბომბები ლამის თავზე გვეყრება. ვერაფერს ვაკეთებთ და ბომბებით ხომ არ ჩაგვხოცავენ? იქნებ საქართველოს მთავრობამ რაღაც ზომები მიიღოს. აქ ტყუილად რომ გვაჩერებენ, კანონიერად მაინც გაგვასამართლონ“, - განაცხადა სურმავამ.

როგორც მან განმარტა, ქართველი პატიმრები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას ითხოვენ.

„საქართველოს ხელისუფლებიდან ჩვენთან არავის ჰქონდა კონტაქტი. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რომ აქ ჩვენი ხალხი ზის. გასაგებია, რომ უკრაინა მოძმე ერია, მაგრამ არ მგონია იმის ღირსი ვიყოთ, რომ ამ ომში ასე ჩაგვკეტონ და ბომბები დაგვაყარონ. მთელ უკრაინაში ასეთი მდგომარეობაა - იმ ქალაქებში, სადაც რუსები შევიდნენ, კავშირის დამყარებაც ვერ ხერხდება. კიევი არ არის აღებული და ჩვენ გვაქვს კავშირზე გამოსვლის საშუალება, მაგრამ როგორც ამბობენ, სხვაგან რუსები პატიმარ ბიჭებს უბრალოდ ხვრიტავენ. ელჩს რომ დავურეკეთ, გვითხრეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დარეკეთო, იქ რომ დავრეკეთ, გვითხრეს, ელჩს დაუკავშირდითო და ასე წრეზე გვატრიალებენ. აღარ ვიცი რა გავაკეთოთ. უნდა ხედავდეთ აქ რა საშინელება ხდება“, - განაცხადა გოგიტა სურმავამ.

„ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.