რასაკვირველია, აზრთა დაპირისპირება არის, მაგრამ არ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელი ვინმეს დასჯად ჩაითვალოს - ქვეყანაში ისეთი ტენდენცია არ უნდა განვითარდეს, როცა კონსტიტუციის დარღვევა ჩვეულებრივ ნორმად იქცევა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტს აშკარად გამოხატული ოფიციალური ვიზიტის ნიშნები ჰქონდა და არა - კერძოსი.
„პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის დასჯას, დაპირისპირებას. ამ პროცესს სკანდალად ნუ განიხილავთ, ეს ნორმალური დემოკრატიული პროცესია. არსებობს კონსტიტუცია და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ამა თუ იმ ლიდერის მოქმედება არის საკითხი, რომელიც ქვეყანას აინტერესებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის განმავლობაში ელჩისა თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი მთავრობას არაერთხელ უთხრა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. ამასთან, მმართველი პარტიის განცხადებით, პრეზიდენტმა დასავლეთში ვიზიტები მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.