ასე ეძახიან, „თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას. მართლაც ასეა, შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი შემცირებისკენ მიდის ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა. ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.
„რისკი კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დიდია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 637 691 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 590 380, გარდაიცვალა 16 585 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.