"არის ერთი ადამიანი, რომლის სახელმა რუსულ წრეებში უკვე გაიჟღერა" - ვინ მოიაზრება პუტინის მემკვიდრედ?

გერმანული ჟურნალი „შპიგელი“ (Der Spiegel) თავის 12 მარტის ნომერში აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით - „რამდენად მზად არის რუსეთის პრეზიდენტი ომის გაგრძელება-გაფართოებისათვის“ (ავტორი - ქრისტიან ნიფი).

პუბლიკაციაში ერთი ძალიან საყურადღებო ეპიზოდია, რომელშიც სტატიის ავტორი სვამს კითხვას - რა იქნება პუტინის წასვლის შემდეგ? და ამატებს, რომ რუსულ წრეებში უკვე გაიჟღერა სავარაუდო მემკვიდრის სახელმაც. გთავაზობთ პუბლიკაციის ამ ნაწილს:

ამას წინათ, რუსეთში დარჩენილმა ზოგიერთმა ოპოზიციურმა მასმედიამ გაიხსენა იმპერატორ პავლე პირველის - დიდი ეკატერინეს შვილის მკვლელობის ისტორია. მძიმე ბავშვობის გამო იგი უკიდურესად ეჭვიანი იყო თავისი უახლოესი გარემოცვის მიმართაც კი, იმავდროულად, უზომოდ უყვარდა ყოველივე ის, რაც სამხედრო სფეროს უკავშირდებოდა. როცა პავლე პირველმა, ფრანგებთან ერთად, ბრიტანეთის ინდოეთზე თავდასხმის წინადადება წამოაყენა, რუსულმა არისტოკრატიამ ჩათვალა, რომ იგი ჭკუიდან შეიშალა და მისი მკვლელობა მოამზადა.

ამჟამად რუსეთში, როგორც ჩანს, ამგვარი შეთქმულების მონაწილეები არ არსებობენ. მაგრამ ბევრ რუსს გაუჩნდა კითხვა - რა იქნება პუტინის შემდეგ? არავინ იცის, რას გააკეთებს პუტინი თავისი წასვლის შემდეგ, მაგრამ მას რამდენიმე ფავორიტი უკვე ჰყავს. სავარაუდო კანდიდატებში არ იგულისხმება არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც მოსკოვის მერი. თვით თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც კი არ შედის სავარაუდო მემკვიდრეთა სიაში - იგი თავისი პოპულარობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის.

მაგრამ არის ერთი ადამიანი, რომლის სახელმა რუსულ წრეებში უკვე გაიჟღერა, როგორც დიდი იმედების მომცემმა მემკვიდრემ. ადრე ის პუტინთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ იგი მოსკოვიდან პროვინციაში გადაიყვანეს. ამ ადამიანის სახელი და გვარია ალექსეი დიუმინი, იგი დღეს ტულის ოლქის გუბერნატორია, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით, 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ალექსეი დიუმინი 1999 წლიდან პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, ანუ სწორედ იმ დროიდან, როცა ვლადიმერ პუტინი ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ, სულ მალე - პრეზიდენტიც. როცა ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს ისევ აიღო ხელში პრემიერ-მინისტრის სადავეები, ალექსეი დიუმინი უკვე მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და თანაშემწე (ადიუტანტი) გახდა. იგი კრემლში 2012 წელს ვლადიმერ პუტინთან ერთად დაბრუნდა, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილის რანგში. ალექსეი დიუმინი იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ყირიმის ანექსიის ოპერაციაში. მოგვიანებით იგი დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და დღეს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება აქვს.

იმ ფაქტმა, რომ პუტინმა დიუმინი 2016 წელს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეობიდან რამდენიმე თვეში, ტულის ოლქის გუბერნატორად გადაიყვანა, ბევრი გააკვირვა, მათ შორის - თვით ალექსეი დიუმინიც. მაგრამ პუტინის ამ ნაბიჯში შეიძლება გარკვეული ლოგიკა იმალება - იმიტომ, რომ მოსკოვურ პოლიტიკურ სივრცეში, როგორი დამაინტრიგებელნიც უნდა იყონ, იმედისმომცემი ადამიანები „სწრაფად იწვებიან“, იფიტებიან. პრეზიდენტი ალექსეი დიუმინში აფასებს მის ლოიალობას, ახლო კავშირს სადაზვერვო სტრუქტურებთან და მის გამოცდილებას რთული პოლიტიკური ოპერაციების შესრულების დროს. უფრო მეტიც - ალექსეი დიუმინი, რომელიც ვლადიმერ პუტინზე 20 წლით უმცროსია, კრემლის უმაღლეს ხელისუფალთა წრეში შეიძლებოდა ახალ ძალადაც კი ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელსაც წინა ისტებლიშმენტთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ რადგანაც თვითონ ვლადიმერ პუტინმაც არ იცის ზუსტად, თუ როდის დატოვებს პოლიტიკურ სცენას, ალექსეი დიუმინი ტულაში რჩება. 

პუტინის მომავალი კი, როგორც ჩანს, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი შედეგით დასრულდება უკრაინასთან ომი. 

 

Aburjga Tasmanieli ვერ გავიგე რა მემკვიდრეს ეძებენ ეს ევროამერიკელი ქორები?! რა სჭირს პუტინს სამემკვიდრეო?! -კაცი რკინისებური ჯანმრთელობით გამოირჩევა და გონება ბრიტვასავით ჭრის?! სატირალი რომ არ იყოს, პირდაპირ სასაცილოა ონანისტი მაკრონის, დასირებული შოლცის და დემენციით შეპყრობილი ბაიდენის ფონზე პუტინის ჯანმრთელობაზე და მემკვიდრეობაზეე ლაპარაკი!!!
3 წლის უკან