ირაკლი ქადაგიშვილი:  რუსეთი ჩიხში შედის, რომ არ ჩავყვეთ, ეს ელემენტარული ჭკუა მაინც უნდა ვიხმაროთ

ირაკლი ქადაგიშვილი: რუსეთი ჩიხში შედის, რომ არ ჩავყვეთ, ეს ელემენტარული ჭკუა მაინც უნდა ვიხმაროთ

ახლა არის ის გეოპოლიტიკური დრო, ჟამი, როდესაც რუსეთი შედის ჩიხში. ჩვენ თუ არ ჩავყვებით ამ ჩიხში, თუ არ მივცემთ რუსეთს კუდის ბოლო შემოქნევა, ისევ აქ დაასრულოს, ეს ელემენტარული ჭკუა და გონება მაინც უნდა ვიხმაროთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ქადაგიშვილი ასევე „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ეროვნული თანხმობის ხელისუფლება შეიქმნას.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დღეს ხდება სპეკულაცია და ადამიანებზე ზემოქმედება.

„საქმე დაიყვანეს იქამდე, რომ მთავრობის წევრები გაგვხადეთო, მეტი კი არაფერი აინტერესებთ. რატომ უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციური წყობის ასეთი ხელოვნურად დამახინჯება, არ მესმის.

ამ ომის დაწყებამდე, ერთი კვირით ადრე, ინგლისის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გადაყენების საქმე იყო დაყენებული, რომელიც დღეების საქმე იყო. რაც ომი დაიწყო, ამ საკითხზე ინგლისის პოლიტიკურ წრეებში და პარლამენტში, ამაზე საერთოდ ბუზის გაფრენის ხმაც არ ისმის. აქ ახლა, მთავრობას ეუბნებიან, რომელიც არის კონსტიტუციურად არჩეული მთავრობა, შენ გადადექი და ეროვნული თანხმობის რაღაცა შევქმნათ. რა კონსტიტუციურ საფუძველზე, როგორ, რანაირად, სწორედ ამაშია საქმე.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი მიდის იქამდე, რომ აქ, შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი აწუხებთ და სირცხვილია, ამ უკრაინელი ხალხის ბრძოლას და ტრაგედიას, რომ ასე მავნებლურად ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და ჩვენს ქვეყანაში, ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამაში არ არის ერთიანობა და ხდება სპეკულაცია, ადამიანებზე ზემოქმედება”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.