გიორგი ვოლსკი: ამ ვითარებაში ყველა ნაბიჯი, ყველა სტრატეგიული მიმართულება, ყველაფერი რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, ერთ მიზანზეა ორიენტირებული, რომ როგორმე გამოვიდეთ სამშვიდობოს

გიორგი ვოლსკი: ამ ვითარებაში ყველა ნაბიჯი, ყველა სტრატეგიული მიმართულება, ყველაფერი რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, ერთ მიზანზეა ორიენტირებული, რომ როგორმე გამოვიდეთ სამშვიდობოს

ჩვენ, პატარა ქვეყანას, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია, (აღარ დავუბრუნდები იმ თემას როგორ მოხდა ეს საკითხი, იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მწვავე ოპოზიციაში ჩადგნენ და როგორ სარგებლობენ ამ ვითარებით) რა რესურსი გაგვაჩნია, რომ ეკონომიკურად დავუპირისპირდეთ რუსეთს, ან რა გვაქვს ხელთ, რა ბერკეტი გვაქვს იმისთანა, რომ თან ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი ინტერესები იყოს დაცული, თან ბაზარი არ ჩამოგვეშალოს და ეკონომიკა არ დაგვენგრეს თავზე, თან რუსეთის აგრესიაც ავიცილოთ, იმიტომ რომ კუდის მოქნევა იცის ასეთ ვითარებაში აგრესიულმა ძალამ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია ერთი მიზანზე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

„როდესაც ჩვენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობთ, ეს მისაღები არ არის და ისტერიკა ხდება. ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა ნაბიჯი, ყველა სტრატეგიული მიმართულება, ყველაფერი რაზედაც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, ერთ მიზანზეა მხოლოდ ორიენტირებული, როგორმე გამოვიდეთ სამშვიდობოზე.

ეკონომიკური პროექტები, სანქციები, რომელი რესურსით, რა მდგომარეობით, რის ხარჯზე, საიდან? მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ამ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო თუ არა ასე, იმ მიმართულებით სვლა რაზეც ვსაუბრობთ: 1. ვერ ჩავერთვებით საომარ მოქმედებებში. სახელმწიფომ შეკრიბა, დაამწკრივა, თვითმფრინავში ჩასვა მოხალისეები და გაუშვა ბრძოლის ველზე - ესაა ომში ჩართვა. 2. ეკონომიკური სანქციების მოთხოვნა იმ ბერკეტით, რომელიც არ გაგვაჩნია, ამან რა დარტყმა შეიძლება მიაყენოს ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას... აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ ნებისმიერ საკითხზე, ბილეთების გაყიდვა იქნება, ჩვენის მოქალაქეების ჩამოყვანა რუსეთიდან თუ სხვ. ამ თემებში სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა, რასაკვირველია გადამწყვეტია და წარმოიდგინეთ რამდენია შემოსეული აქედან იქიდან, მათ შორის რუსეთი, რომელსაც სურს, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.