ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ასევე, დროშები დაეშვა შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ნაწილში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ვაზიანში IV ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა. დაღუპული სამხედროები სწორედ ამ ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდნენ. სამწყობრო მოედანზე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას. მინისტრმა სიტყვით მიმართა მათ თანამებრძოლებს:
„დღეს უმძიმესი დღეა შეიარაღებული ძალებისთვის და მთელი საქართველოსთვის. სამშობლოსგან შორს, სამშობლოს სამსახურში ზვიად დავითაძემ, ალექსანდრე კვიწინაძემ და ვლადიმერ შანავამ თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ეს უმძიმესი დარტყმა იყო პირადად ჩემთვის, მე ამ ბიჭებთან ერთად შევხვდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შირგაზის ბაზაზე და პირადად გავიცანი ისინი.
საკუთარი ქვეყნისთვის სიცოცხლის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია. ჩვენი თანამებრძოლების თავგანწირვა აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია. ღმერთი იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების მფარველი“.
თავდაცვის მინისტრის მიმართვა მოისმინეს ქართველმა სამხედროებმა ყველა ქართულ ბაზაზე.
13 მაისს ჰელმანდის პროვინციაში დაღუპულ სამხედროებს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი. მოგვიანებით კი მათ ცხედრებს ოჯახებში გადაასვენებენ.