ნატოს მოკავშირეებმა უარი თქვეს უკრაინის მოთხოვნაზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ მხარდაჭერას აძლიერებენ, თუმცა ალიანსის უფრო ფართო ჩარევა კიდევ უფრო სასტიკ ომს გამოიწვევს.
“ჩვენ არ ვართ ამ კონფლიქტის ნაწილი და გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ ის, რომ ეს კონფლიქტი უკრაინის ფარგლებს გარეთ არ გავრცელდეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოსა და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინის ცა არასაფრენ ზონად გამოაცხადონ, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების საჰაერო დაბომბვის ფონზე. ჯერჯერობით ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
„ჩვენ გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ასევე მიგვაჩნია, რომ არასაფრენ ზონას თუ გამოვაცხადებთ, ისეთ რამეს მივიღებთ, რამაც შეიძლება ევროპაში სრულმასშტაბური ომი გამოიწვიოს, რომელიც ბევრად მეტ ქვეყანასა და ბევრად მეტ ტანჯვას მოიცავს. ნატოს წევრები თანხმდებიან, რომ არ უნდა დავუშვათ ნატოს თვითმფრინავების უკრაინის საჰაერო სივრცეში ან ნატოს ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მანამდე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს.