იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლა, ვფიქრობ, საქართველოს საზღვარი დაკეტილი არ უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლი - ვინ შემოდის და რატომ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში განაცხადა.
მისი თქმით, ეთნიკური ნიშნით ადამიანების გარჩევა, ვინც არ უნდა იყოს, მიუღებელია.
„რუსეთში მიიღეს კანონები, რომლის მიხედვით შეუძლებელია ხმის ამოღებაც კი. დახურეს მთელი რიგი რადიოები, გამომცემლობები სადაც ადამიანები რაღაცას მაინც ამბობდნენ. ამიტომ მათთვის, ამგვარ გარემოში ცხოვრება შეუძლებელია. მათ არაფერი დაუშავებიათ, იმიტომ რომ რუსეთში დაიბადნენ. ხალხი, რომელიც ჩვენს ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის, უნდა შემოვუშვათ და მივცეთ პირობები, რომ იცხოვრონ. მაგრამ, არ უნდა დავუშვათ, რომ აქ შემოვიდეს მეხუთე კოლონა და ის ხალხი, ვისი მიზანიცაა დესტაბილიზაცია.“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.