თეთრი სახლი უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს

თეთრი სახლი უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე -პრეზიდენტი ზელენსკი კვლავ გამოდის მოწოდებით, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა შეიქმნას. განიხილება თუ არა ეს საკითხი?- ჯენ ფსაკიმ უპასუხა:

მიზეზი, რის გამოც ეს არ იყო ის ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტს სურდა გადაედგა, არის ის, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადება განხორციელებას მოითხოვს. ეს აშშ-ის სამხედროებისგან რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას მოითხოვს და რუსეთთან პოტენციურ პირდაპირ ომს გამოიწვევს. ეს ის ნაბიჯია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარების გაწევას, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ გაიზარდა.

„თუმცა, ჩვენ არ განვიხილავთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოსა და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინის ცა არასაფრენ ზონად გამოაცხადონ, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების საჰაერო დაბომბვის ფონზე. ჯერჯერობით ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.