ვიხილეთ უპრეცედენტო სიმძიმის სანქციები, რომლებიც ვფიქრობ, ასე ერთიანად აქამდე არ განხორციელებულა, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „შაბათის ქრონიკაში განაცხადა.
მისი თქმით, სანქციებს, რომელიც რუსეთის მიმართ დაწესდა გრძელვადიან პერსპექტივაში გარკვეული ეფექტი ექნება.
„ვფიქრობ, დასავლეთს კვლავ დარჩა სანქციების არსენალში რამდენიმე ბერკეტი, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს. ყველა ბერკეტის ამოქმედებას გრძელვადიან პერსპექტივაში გადამწყვეტი ექნება. ეს რუსეთის ეკონომიკისთვის და არა მხოლოდ, ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სანქციები, რამდენიმე თვეში ბევრი ადამიანისთვის საგრძნობი იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის უკრაინელი ხალხის სიმტკიცე და ერთად დგომა ძალიან მოულოდნელი იყო.
„ერთი რამ ნათელია - ამ ომის შემდეგ გადასახედი იქნება სრულიად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. რაც ახლა ხდება, ეს არის უპრეცედენტო 21-ე საუკუნეში, ისეთ მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და თავისუფლებაზე. როდესაც ევროპაში ასეთი რამ ხდება, ეს უკვე ბევრ კითხვას აჩენს ევროპის უსაფრთხოების მომავალთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სიტუაციის დეესკალაცია მოხდება და ამის შემდეგ მთლიანად გადასახედი იქნება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და ახალი სისტემის მოფიქრება გახდება საჭირო“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.