მოსალოდნელი არჩევანი, ანუ გაბლეფებული ბლეფი

მოსალოდნელი არჩევანი, ანუ გაბლეფებული ბლეფი

მე პირადად, აბსოლუტურად არ გამკვირვებია ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ქართულმა ოცნებამ გიორგი მარგველაშვილი აირჩია.
ამის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კი, ნუ გაგიკვირდებათ და – ნაციონალური მოძრაობაა (რომელიც „ერთიანი“ აღარ არის და „ეროვნული“ ვერც ვერასდროს გახდება, მაგრამ დაშლილიც არაა ჯერ).

მე მგონი, ნაცმოძრაობამ ერთი სერიოზული იაღლიში დაუშვა, როცა წინასწარ განაცხადა, რომ მისი ფავორიტი კონკურენტი ირაკლი ალასანია იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ნაცმოძებს ალასანიაზე მზე არ ამოსდით, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ იგივე კარტი გაეთამაშებინათ, რაც 1 ოქტომბრის წინ ივანიშვილმა გაითამაშა, სულ რომ აქებდა ვანო მერაბიშვილს და ამით სერიოზული „ჩორტი“ ჩამოაგდო ნაცმოძრაობაში, რომელიც მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ „ჩორტის“ აჩრდილთან ჭიდაობას გადაყვა… ჰოდა, ახლა ბოკერიამ და „სასტავმა“ გადაწყვიტა ბლეფის გათამაშება და ააგეს ციხე-კოშკები, რომ ყველაზე ძლიერი კანდიდატი ირაკლი ალასანიაა, რომ ივანიშვილი არ დაუშვებს ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, რომ ალასანია ამით გაბრაზდება, რომ გაბრაზებული ალასანია დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, რომ ამაზე გაბრაზებული ივანიშვილი თავად იყრის კენჭს ოცნების კანდიდატად, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ გახლიჩავს, რომ გახლეჩილი ოცნება ხალხს აღარ მოეწონა, რომ იმედგაცრუებული ხალხი ისევ შეჩვეულ ჭირს, ანუ, ნაცმოძრაობას მიუბრუნდება…

მოკლედ „ღარიბი და ქილა ერბოს“ ეს გროტესკული რიმეიკი უსასრულოდ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, იმ კაცის გუნდის მხრიდან, რომელიც ამ ბოლო დროს ზღვის ფსკერზე მჯდარი ზვიგენების შესახებ უწყინარი, და პროქტოლოგების შესახებ ბინძური ანეგდოტების მოყოლით „გვართობს“…

ირმა ნადირაშვილი რომ ვნახე ნინო შუბლაძის გადაცემაში, ვიფიქრე, რომ მაგიდაზე რამდენიმე მურიანი თეფში არ აწყენდა ამ შოუს, ხოლო თუ ნეტარი ირმა თვალებს დახუჭავდა და თავს უკან გადააგდებდა, ახალგაზრდა ვანგას „პონტშიც“ შეიძლებოდა გასულიყო…

ნაცმოძრაობამ ერთი რამ ვერ გათვალა, ოღონდ, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური წონა, რომელიც 2010 წლის სავალალო დაქვეითების შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულად გაიზარდა, მიუხედავად ამისა, (და იმისაც, რომ ალასანია ნამდვილად არის ახლო მომავლის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკოსი) აბსოლუტურად ვერ შეედარება იმ პოლიტიკურ წონას, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ვანო მერაბიშვილს გააჩნდა! „ქართული ოცნების“ წარმოდგენა, თუნდაც ალასანიას გარეშე, საკმაოდ შესაძლებელია და ეს, (რა თქმა უნდა, არასასურველი,) განვითარება, „ქართულ ოცნებას“ ვერ დაანგრევს, განსხვავებით იმისაგან, რა მოხდა ნაცმოძრაობაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებით მისი უზარმაზარი გავლენის განეიტრალება სცადა.

და მაინც, სანამ ნაცმოძრაობა არ დაშლილა, სანამ მისი რამდენიმე ოდიოზური და კრიმინალი ლიდერი საბრალდებო სკამზე არ ზის, რა თქმა უნდა, ზედმეტი ფუფუნება იქნება იმის გარეგნული ეფექტის დაშვებაც კი, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაშლის პროცესი უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ნაცმოძრაობა საბოლოოდ მარტივ (და ერთურთის მაგინებელ) მამრავლებად არ დაშლილა.

მე პირადად, მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობის კრიმინალური ქმედება სასამართლოს მიერ იქნება დადასტურებული, ხოლო მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე მისი „პოლიტგენერალი“ მათ მიერ ჩადენილ სერიოზული დანაშაულთა გამო გასამართლებული იქნება, ძალიანაც კარგ ვარიანტად მიმაჩნია „ქართული ოცნების“ რამდენიმე ფრაქციად/პარტიად დაშლა. ეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ უფრო საინტერესოს, კონკურენტულს, ცოცხალს და განვითარებადს გახდის, განსხვავებით, ნაცმოძური ნეობოლშევიზმისა, რომელიც საბოლოოდ ისევ მის მიერვე შექმნილ ჭაობში ჩაიხრჩო.

ხოლო ჯერჯერობით კი, ნამდვილად არ გამკვირვებია ის არჩევანი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა – შეგნებულად არ დასახელდა ისეთი აქტიური და გამოკვეთილი ლიდერი, რომლის უკან სერიოზული ძალა იდგებოდა (ასეთები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ირაკლი ალასანია და სალომე ზურაბიშვილი). არჩევანი იყო აქამდე აბსოლუტურად აპოლიტიკურ პიროვნებებს (პაატა ბურჭულაძე, გია დვალი, ნაწილობრივ – დავით მაღრაძე) და ისეთ ლიდერებს შორის, რომლებიც პოლიტიკაში კი არიან, მაგრამ მათ უკან რაიმე პოლიტიკური პარტია ან ჯგუფი არ დგას (კახა კალაძე, გიორგი მარგველაშვილი). აქაც ლოგიკური იყო, რომ არ დასახელებულიყო პოლიტიკურად გამოუცდელი პიროვნება, რომელსაც წინასაპრეზიდენტო დებატებში გაუჭირდებოდა ნაცმოძრაობის დაქოქილ დემაგოგებთან პაექრობა, ან სუფთა დეკლამატორულად (როგორც გია დვალს, ან პაატა ბურჭულაძეს), ან – პოლიტიკური გამოცდილების თვალსაზრისით (როგორც, მაგ. დავით მაღრაძეს).

დარჩენილ 2 ფიგურას შორის სწორედ დებატების გამოცდილების, ფილოსოფიური „ბექგრაუნდის“, დახვეწილი იუმორის/ირონიის გათვალისწინებით, არჩევანი საბოლოოდ გიორგი მარგველაშვილზე გაკეთდა.

აქვე მინდა მოვიბოდიშო იმის გამო, რომ აქამდე არ ვახსენე ვახტანგ ხმალაძე, რომელიც პირადად ჩემთვის ყველაზე ახლოს არის იმ ტიპის სამაგალითო პრეზიდენტთან, როგორც ვაცლავ ჰაველი იყო (თუმცა ქარიზმატულობაში ჩამორჩება, ალბათ, მაგრამ წესიერებაში – ნამდვილად არაფრით, ხოლო პოლიტიკური/იურიდიული გამოცდილებით კი სჯობს კიდეც ლამის!). ბატონ ვახტანგს, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, მისავე პარტიის ლიდერმა „დაუდო კვანტი“. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იმ პირობებში, როცა სადღეისოდ ქვეყანას ორი გამოკვეთილი ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი ჰყავს, უმაღლეს თანამდებობაზე რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის მოვლინება ძალიან სერიოზულ დისბალანსს მოიტანდა ფორმალურად 6-წევრიან კოალიციაში.

სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ თანამდებობას, თუნდაც მარტო იმის დასამტკიცებლად, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც სათავისოდ ჩაკეტილი არ აქვს საკადრო რესურსის ზარდახშა! არ გამიკვირდება, თუ ახლო მომავალში ქ-ნი სალომე რაიმე პრესტიჟულ პოსტს მიიღებს და ამ მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრობის გარდა მერობაც არაა გამორიცხული, სადაც მეორე კონკურენტს – თინა ხიდაშელს ზუსტად იგივე პრობლემა ეღობება, რაც ვახტანგ ხმალაძეს, თან, უფრო მეტადაც კი.

რაც შეეხება არმაზ ახვლედიანს, მე პირადად კანდიდატად მისი დასახელებაც კი გამიკვირდა, რადგან იგი სულ რაღაც 1 თვის წინ გახდა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და აქტიური პოლიტიკოსი, და მოსახლეობა მას ცუდად იცნობს (ან იცნობს შევარდნაძის დროიდან – უფრო უარესი…). ბატონ არმაზს სულაც არ ვაფასებ გიორგი მარგველაშვილზე ნაკლებ პოლიტიკოსად, მაგრამ ცნობადობა მაინც სერიოზული ფაქტორია.

ახლა, როცა თეთრებმა მეფის გამბიტი აირჩიეს, არადანი შავებზეა!

ნაცმოძრაობისათვის, გიორგი მარგველაშვილი, ალბათ ყველაზე ცუდი, უხერხული მეტოქეა. მას არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკოსობის ბაგაჟი, საიდანაც ნაცმოძებს და მათ ერთგულ „რუსთავ2“-ს რაიმე კომპრომატის ამოქექვა არ გაუჭირდებოდათ, მას ვერ დააბრალებენ პრორუსულობას, და მას საკმაოდ უჭრის ტვინიც და ენაც, რომ ნებისმიერ პოტენციურ კანდიდატთან კამათი არ გაუჭირდეს.

ნეცმოძებმა სწორი ქნეს, როცა საკუთარი კანდიდატის დასახელება არ იჩქარეს. წარმოიდგინეთ, რა ფიასკო იქნება მარგველაშვილთან დაპირისპირებული მერაბიშვილი! ის კი არადა, მარგველაშვილის დასახელებით დავით ბაქრაძის შანსებიც სერიოზულად შემცირდა. გიორგი ვაშაძე მე ყოველთვის მეორე კალიბრის პოლიტიკოსად მიმაჩნდა, ხოლო ბარამიძეს ისეთი „ბაგაჟი“ აქვს, რომ წესით კანდიდატად კი არა, ცისკარიშვილივით სადმე გაყურსული უნდა იმალებოდეს… ასე რომ რეალური კონკურენტი რჩება ორი – გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.
ამ ორს შორის მე უფრო რეალური ბოკერია მგონია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლო მომავალში საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსს ერთი სერიოზული მომხიბვლელობაც ექნება – იგი ხომ არჩევნებამდე იმუნიტეტის ტოლფასი იქნება. ეს კი დღეს ჰაერივით, სწორედ უგულავას, მერაბიშვილს და ბარამიძეს სჭირდებათ. ასე რომ ვნახოთ… მოლოდინისთვის დრო ბევრი არაა, ორშაბათიც გათენდება.

P.S. ხოლო რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ ირაკლი ალასანია დამოუკიდებელ კანდიდატად მოინდომებს არჩევნებზე კენჭისყრას, მე ალასანია გაცილებით უფრო ჭკუადამჯდარ პოლიტიკოსად მიმაჩნია, რომლისთვისაც დიდი პოლიტიკური კარიერა ახლა იწყება… და ვნახოთ, ვინ უფრო კარგად იცნობს მას – ირმა ნადირაშვილი, თუ თქვენი მონა-მორჩილი. თუ აღმოჩნდა, რომ ირმა მართლაც ფსაიქიქი ყოფილა, წინასწარ ვაცხადებ, რომ ჩემთვის ირაკლი ალასანია პოლიტიკურ წარსულში დარჩება.