„ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ, კი, ბატონო, ადამიანი სხდომების ნახევარზე მეტს თუ გააცდენს, [მანდატის შეწყვეტა] გასაგებია, მაგრამ თუ ის დამნაშავედაა ცნობილი, ამ შემთხვევაში, გასაგები არ არის. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ლოგიკაა“, - ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დასმულ კითხვას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ის, რომ ბადრი ჯაფარიძეს სასჯელის მოხდა არ უწევს, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ მისი დანაშაული არ დაადგინა.
„როდესაც ამბობ, რომ ადამიანი, რომელიც სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, იმსახურებს, რომ დატოვოს საქართველოს პარლამენტი, ამაზე არ ვდავობთ არავინ და, ამ დროს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანს, რომელსაც სასამართლოს მიერ შეეფარდება კონკრეტული მსჯავრი, რომელიც, ხანდაზმულობის გამო, უბრალოდ, არ აღსრულდება, ანუ, ადამიანი სასამართლოს მიერ დამნაშავედ თუა ცნობილი, ეს ადამიანი პარლამენტიდან არ უნდა წავიდეს, ეს შეცდომა მგონია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მინიმალისტურად ვისაუბროთ, ასეთი შეცდომა არ დავუშვით ჩვენ“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის ოთხ წევრს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება 16 თებერვალს შეუწყდათ, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.