საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკს ან ენერგოომბუდსმენს, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.
ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის დაუკავშირდნენ პარტიას. ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს ჰპირდება საკითხის გასაჩივრებაში დახმარებას. თუმცა, დღემდე მათი მხრიდან არც სემეკში და არც ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა კომუნალურ გადასახადებზე განცხადება/საჩივარი არ არის შემოსული.
როგორც მოქალაქეებისთვის ცნობილია, სემეკის სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გადამოწმდება 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ყველა აბონენტზე განხორციელებული დარიცხვა მიუხედავად იმისა, მომხმარებელმა მომართა თუ არა განცხადებით სემეკს.
თუ მომხმარებელს აქვს სურვილი, რომ მისი განცხადების საფუძველზე მოხდეს კომუნალური მომსახურების კომპანიის მხრიდან განხორციელებული დარიცხვის შესწავლა, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. სემეკთან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე Facebook-ზე სემეკის გვერდის საშუალებით. გარდა ამისა, წერილის ან განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org.