ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ.
„ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. ბოლო ორი დღის ციფრი მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო ზრდა არ განიცადა, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება გრძელდება. რამდენ ხანს გასტანს პიკის ფაზა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ არსებულ რეგულაციებს. პირბადის გამოყენება მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია გრძელდება და ბუსტერ დოზა რჩება განსაკუთრებული მნიშვნელობის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 375 615 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 141 231, გარდაიცვალა 15 351 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.