ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განაცხადა

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განაცხადა

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება. კერძოდ, თანამდებობას ტოვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მის ადგილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს. ის ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს.

თავის მხრივ, დავითაშვილის ყოფილ უწყებას ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს, რომელიც დავითაშვილის მოადგილე იყო.

„ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში, მან ძალიან კარგად, დეტალურად იცის თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მე მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.